რუსეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა, ყაზანის რუბინმა წაშალა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ილუსტრაცია, რომელშიც საქართველოს რუკა მის ოფიციალურ საზღვრებში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით იყო გამოსახული.
ყაზანის რუბინი სოციალური ქსელების ოფიციალურ პლატფორმებიდან გულშემატკივარს ატყობინებდა, კლუბის რომელი ფეხბურთელები მიემგზავრებოდნენ თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდებში სათამაშოდ სანაკრებო პაუზების დროს. სანაკრებო მატჩებში რუბინის 8 ფეხბურთელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორისაა ორი ქართველი ფეხბურთელი: ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. ისინი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარებიან ოქტომბერში. რუბინის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს რუკა სრულადაა წარმოდგენილი.
რუბინის ამ პოსტს, რომელიც ამ დროისთვის წაშლილია, ინსტაგრამზევე გამოეხმაურნენ ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც კლუბს რუკის სრულად წარმოჩენისთვის მადლობას უხდინდნენ. მოგვიანებით კლუბმა პოსტი წაშალა. მიზეზი უცნობია.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა.
ყაზანის რუბინში დავითაშვილისა და კვარაცხელიას გარდა ბექა მიქელთაძეც თამაშობს. ამ კლუბში გასულ წლებშიც არაერთ ცნობილ ქართველს ფეხბურთელს უთამაშია, მათ შორის ლაშა სალუქვაძეს, დავით კვირკველიას, გიორგი ქინქლაძეს, სოლომონ კვირკველიას და ა.შ. კლუბს ასეთი ჰეშთეგიც აქვს “ქართველის გარეშე რუბინი არ არსებობს”. ეს ჰეშთეგი ამჟამადაც გამოქვეყნებულია რუბინის ინსტაგრამის ოფიციალური გვერდზე რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილის კარგი თამაშის აღსანიშნავად.