რას სწავლობს ადიქცია, არასრულწლოვნებში დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკები და პრევენციული სერვისების მნიშვნელობა ადიქციური პრობლემების მართვაში – ამ თემაზე ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ვესაუბრეთ.
რას ნიშნავს ადიქცია და რას სწავლობს ის?
„ედიქშენ“ ინგლისური სიტყვაა და ზუსტად რომ ვთარგმნო, ნიშნავს, რომ მე მიჯაჭვულობა მაქვს. შეგვიძლია, დამოკიდებულების მნიშვნელობითაც ვთარგმნოთ.
როცა ვსაუბრობთ ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებულებაზე, ვგულისხმობთ ორი სახის დამოკიდებულებას – ერთს ფსიქოლოგიურს, მეორეს ფიზიკურს.
ფიზიკური დამოკიდებულება ადვილი აღსაქმელია. ჩვენ გვსმენია ყოფითად გავრცელებული სიტყვა „ლომკა“ – როცა ადამიანს აქვს მიჯაჭვულობა რაღაცაზე და როცა თავს ანებებს, აქვს უსიამოვნო სხეულებრივი შეგრძნებები. ამ დროს იყენებენ ე.წ. დეტოქსიკაციას, რომელიც გულისხმობს იმას, რასაც ყოფითად „სისხლის გაწმენდას“ უწოდებენ.
როცა ორგანიზმი გარედან იღებს ქიმიურ საშუალებებს, მისი მუშაობა გადაეწყობა მათთან ადაპტაციისთვის.
ამ დროს ორგანიზმში მთელი რიგი სხვადასხვა პროცესი მიდის. ადამიანები შინაგანად გამოვიმუშავებთ სიამოვნების ნაწილაკებს. თუ სულ გარედან შემოდის აღნიშნული ნაწილაკები, მაშინ ჩვენი შინაგანი აფთიაქი ზარმაცდება. მთელი ორგანიზმი – გულსისხლძარღვთ, საჭმლის მომნელებელი და სხვა სისტემები „სწავლობს ცხოვრებას“ ისე, რომ ადაპტირდება გარკვეული ნივთერებების გარედან მიღებაზე.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უფრო ადრე ყალიბდება, ვიდრე ფიზიკური და უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიკური.
ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე საუბრისას ხშირად მასტიგმატიზებელ ტერმინებს მიმართავენ – ნარკომანიას, ლუდომანიას. ჩემი აზრით, ეს მოძვეულებული ენაა და მე პროფესიულად ვცდილობ, არ გამოვიყენო ეს ტერმინები.
ვფიქრობ, უნდა შევეცადოთ და გავთავისუფლდეთ ასეთი სიტყვებისგან.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ლტოლვაა და ვერ აკონტროლებ ამ სურვილს. მაშინაც კი, როცა მკურნალობ და გგონია, რომ დაძლიე ფიზიკური დამოკიდებულება, რაღაც მომენტში შეიძლება, თავიდან აღმოცენდეს მკურნალობის გზაზეთუ შემდგომ. არსებობს თერაპია კოგნიტურ -ბიჰევიორული, რომელიც ცდილობს, შეისწავლოს, რა „ტრიგერები“ (სტიმულები) რთავს ამ სურვილს. მაგალითად, მე თუ დავინახე, ვისთან ერთადაც მოვიხმარდი, ამან შეიძლება, ეს ლტოლვა ისევ გამიღვიძოს, ან თუ მოვხვდი იქ, სადაც მოვიხმარდი, ან თუ, ვთქვათ, მოხმარებასთან დაკავშირებული სუნი ვიგრძენიდა ა.შ.
ჯონ გრინდერსა და რიჩარდ ბენდლერს ამბად აქვთ აღწერილი ერთ–ერთ წიგნში: ჰყვებიან, რომ ბარში შევიდა ქალი, რომელიც ჰაბიტუსით ალკოჰოლზე დამოკიდებულს ჰგავდა. შეხედა გრინდერს და უთხრა– არ ვიცი, რატომ ვსვამ, შენ ხომ ვერ მეტყვიო? გრინდერმა კი უპასუხა, რომ „რატომ“ აქ არასწორი შეკითხვაა, ხოლო სწორი შეკითხვა კი ასე ჟღერს: “ რა გავაკეთო დალევის ნაცვლად?“ თუ ადამიანი შეეცდება უპასუხოს ამ შეკითხვას და ამ მიმართულებით იმუშავებს თავის თავზე, მაშინ შეძლებს, რომ დამოკიდებულებას, ადიქციას ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს.
რა ტიპის დამოკიდებულებებს სწავლობს ადიქტოლოგია?
სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება არსებობს, კოფეინზე დამოკიდებულებაც კი. ყველაერთნაირად დამაზიანებელი არ არის.
როცა ვსაუბრობთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებაზე, გამოვყოფთ ლეგალურ საშუალებებზე – თამბაქოსა და ალკოჰოლზე და ასევე, არალეგალურ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას.
არსებობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და დამოკიდებულების სხვა ფორმებიც. საგულისხმოა აზარტული თამაშის ბიზნესის ძალიან აგრესიული რეკლამა. დამოკიდებულების თითქმის ყოველი პრობლემის მიღმალეგალური თუ არალეგალური ინდუსტრია დგას. ამჟამად საქართელოში ძალიან აგრესიულად მიმდინარეობს კაზინოების ინდუსტრიის რეკლამა.
დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზი…
დამოკიდებულებას ბიოფსიქოსოციალური მიზეზები აქვს. ყველა ცდილობს, ახსნას და ყველას შეკითხვაა, რატომ, რა მიზეზით ხდება ადამიანი დამოკიდებული ამა თუ იმ ნივთიერებაზე.
როცა მიზეზებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მოზაიკა – არსებობს ბიოფსიქოსოციალური რისკფაქტორები და დამცავი ფაქტორები. ბიოლოგიური რისკფაქტორი შეიძლება იყოს დატვირთული გენეტიკა, ან ის, რომ ენდორფინები – „სიამოვნების შინაგანი ნაწილაკები“ არასაკმარისისად გამომუშავდება ტვინში და სჭირდება გარედან მიღება; ან, შეიძლება ადამიანს მაღალი შფოთვა აქვს და ამ შფოთვის დასაქვეითებლად მოიხმარდეს ალკოჰოლსთუ სხვა საშუალებებს. ფსიქოლოგიური ფაქტორი არის ის, თუ რამდენად ძლიერი მე – ego – გაქვს, რამდენად შეგიძლია სტრესთან გამკლავება, რამდენად ემოციურად წიგნიერი ხარ ანუ რამდენად შეგიძლია დაარქვა შენს შინაგან მდგომარეობას შესაბამისი სახელი და მართო. სოციალურ ფაქტორებს შორისაა ის, თუ რამდენად გეხერხება კომუნიკაცია, რამდენად სოციალურად ადაპტირებული ხარ, როგორი წრე გყავს, რამდენად მხარდამჭერი ოჯახი გაქვს – ანუ, ბიოფსიქოსოციალური ფაქტორების მთელი კომპლექსია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ დაჯდება ეს მრავალფეროვანი მოზაიკა, არ ვიცით.
ადიქცია და ბავშვები – ამ თემაზე რომ გადავიდეთ, ბავშვობის ასაკში დამოკიდებულება ჩამოყალიბებას ასწრებს?
მსოფლიო სტატისტიკით, წამალდამოკიდებული ადამიანების ორ მესამედს მოზარდობის ასაკში აქვს დაწყებული მოხმარება, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ასაკში მოხმარების დაწყება არის სარისკო. მოზარდობის ასაკში ფსიქოაქტიური საშალებებით ექსპერიმენტირება შეიძლება იყოს თანატოლთა გავლენის გამო – სხვა ეწევა, მეც მოვწევ. ეს შეიძლება იყოს ახალი შთაბეჭდილებების მიღების სურვილი, შეიძლება, ოჯახშია პრობლემები და ბავშვი მოხმარების ქცევითყურადღების მიქცევას ცდილობს და ა.შ.
2015 წელ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ალკოჰოლის, თამბაქოსა და და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო გამოკითხვა ჩატარდა. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლისა და სიგარეტის გასინჯვა ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან ადრე იწყება: მაგ, ზოგიერთი 9 წლის ასაკში იწყებს მოწევას. თუმცა, ბავშვობაში ეს სინდრომი ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას.
არის ასეთი მოდური – ე.წ. „კარიბჭის თეორია“/ ჰიპოთეზი, რომ ისინი, ვინც მოზარდობის ასაკში ექსპერიმენტირებენ მარიხუანით, შემდეგ გადადიან უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე. ამ თემაზე არაერთი კვლევაა ჩატარებული. ზოგიერთი მათგანი ადასტურებს ამ ჰიპოთეზს, ზოგიც უარყოფს.
მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა მოგვცა ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ ალკოჰოლი და თამბაქო ნამდვილად კარიბჭის როლს ასრულებს და არის რისკფაქტორიარალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მოხამრებაზე გადასვლისა. ამიტომ, როდესაც ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციაზე ვმუშაობთ, უპირველესი ამოცანა, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესაბამისი უნარ-ჩევების გამომუშავებასთან ერთად, არის ალკოჰოლისა და თამბაქოს ავადმოხმარების პრევენცია.
ბავშვებში ინტერნეტდამოკიდებულება, ამ თემაზე ბოლოს დროს უფრო და უფრო მეტს საუბრობენ…
მშობლები და ძიძები ბავშვის დასამშვიდებლად ხშირად იყენებენ მობილურ ტელეფონებს, ე.წ. „გაჯეტებს“. ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ეს დამაზიანებელია ბავშვებისთვის. ეს არის წარმოსახვითი ფერადი სინამდვილე, რომელიც გარედან გეძლევა. უკანასკნელ თვეებში დარიო რადიოს ერთერთი პროექტის ფარგლებში მსმენელს ვთავაზობთ საბავშვო პროგრამას – ზღაპრების მაღალი ხარისხის ჩანაწერებს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე არაპოპულარული საბავშვო ზღაპრებია. მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ ზღაპრების მოსმენა ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ავითარებს ფანტაზიას. ამის საშუალებას არ იძლევა მობილურით დანახული სამყარო. ეს იქნება დიდი პრობლემა, თუ საზოგადოებამ არ გააცნობიერა, რომ ბავშვებს უნდა ვეურთიერთოდ.
ინტერნეტი ბავშვების ცხოვრებაში აღქმულია თანამედროვე საუკუნის განუყოფელ მოვლენად და ნაკლებად აღიქმება ეს, როგორც პრობლემა.
აქაც მივდივართ ბალანსისა და ზომიერების ცნებასთან. ეს თაობა ტექნოლოგიებთან „შენობით არის“. ტექნოლოგიის საუკუნეა და მშობელი ამაყობს, რომ მისი შვილი მასზე უკეთ ახერხებს ურთიერთობას კომპიუტერთანდა სხვა ტექნიკასთან, მაგრამ, მეორე მხრივ, ზომიერებაა საჭირო.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სტანდარტები დააწესა, რამდენ ხანს შეიძლება, რომ მედია მოიხმაროს ბავშვმა სხვადასხვა ასაკში.
აპრილში თბილისსა და ბათუმში საქართველოში პირველად ამოქმედდა სერვისი, რომელიც განკუთვნილი იქნება იმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც ექსპერიმენტირებენ ფსიქოაქტიური ნივთიერებებით. ეს ცენტრები გახსნა თქვენმა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მხარდაჭერით და როგორც ცნობილია, საქართველოში ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე მიზანმიმართული და სელექციური პრევენციის სერვისები აქამდე არ არსებობდა. როგორ მუშაობს ცენტრები?
ეს იყო ჩვენი დიდი ხნის გეგმა. პრევენციული რგოლი ადიქციური პრობლემის მართვაში ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია. პრევენცია ბევრად იაფი ჯდება და ბევრად უფრო სტაბილური შედეგი აქვს. პრევენცია გულისხმობს მოხმარების რისკფაქტორების შემცირებასა და მოხმარებისგან დაცვითი ფაქტორების გაზრდაზე მუშაობას.
ადიქციების პრევენციაში ძალიან მნიშვნელოვანი მეტა კვლევა ჩატარდა. გაანალიზდა 300-ზე მეტი კვლევა, რათა ენახათ, რა არის ეფექტიანი ადიქციის პრევენციაში. აღმოჩნდა, რომ ადიქციის პრევენციაში ეფექტიანია მოწყვლადი ოჯახების დახმარება. აი, მაგალითად, თუ ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, უნდა დავეხმაროთ მშობლებს დასაქმებაში, რომ დამცავი ფაქტორები ჰქონდეს ბავშვს, არ გააცდინოს სკოლადა ა.შ.
აღმოჩნდა, რომ არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების პრევენციაში არ მუშაობს მედიკამპანიები, მუშაობს ზრუნვა, ოჯახის ფუნქციობის ხელშეწყობა, სკოლის კურიკულუმში ჩართული სასიცოცხლო უნარ-ჩევების განმავითარებელი პროგრამა და ა.შ.
ჩვენს მიერ ორგანიზებული პრევენციის სერვისი მოქმედებს თბილისსა და ბათუმში. ის ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, მათ, ვინც უკვე ექსპერიმენტირებსფსიქოაქტიური საშუალებებითა თუ აზარტული თამაშით; ასევე, ვისაც პრობლემური ქცევა აქვს, სკოლას აცდენს, კანონთან კონფლიქტი აქვს. სერვისი მუშაობს მულტიდისციპლინურად. სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ადიქტოლოგი, ზოგიერთ შემთხვევაში, ფსიქიატრი, ცდილობენ, ოჯახისა და მოზარდების/ახალგაზრდების საჭიროებები დააკმაყოფილონ.
სერვისი შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ – ფარგლებში, იგი უფასოა და წელიწად–ნახევარი ანუ პროექტის დასრულებამდე იქნება უფასო. ამ დროში უნდა მოვახერხოთ, რომ სერვისის დააფინანსება სახელმწიფომ ან ადგილობრივი მართვის სტრუქტურებმა აიღონ თავის თავზე.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების თემაზეც მუშაობს ეს ცენტრი?
აზარტულ თამაშებზე შემუშავებულია სპეციალური სამუშაო მოდული და ამჟამად ხდება მისი პილოტირება. დღეისათვის უფრო ხშირადახმარებისთვის მოგვმართავენ (ან მათ ჩენთან ამისამართებენ) ქცევითი აშლილობის და კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები.
პირველადი პრევენციის ნაწილში დავიწყეთ ახალი პროექტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად. პროექტი გულისხმობს სკოლაში მტკიცებულებითი პრევენციული პროგრამის დანერგვას.
ამ ეტაპზე მანდატურის ფსიქოლოგიურ ცენტრთან ვთანამშრომლობთ – ვამზადებთ ფსიქოლოგებს, შემდეგ კი ისინი 12 საპილოტე სკოლის პედაგოგებს მოამზადებენ ჩვენი მეთოდოლოგიური დახმარებით. ეს პროგრამა ცხოვრებისეული უნარ–ჩვევების განვითარებაზეა მიმართული და ასევე, ზრდის პედაგოგებისა და მოსწავლეების ცოდნას თამაბქოს, ალკოჰოლის, არალეგალურ ფსიქოაქტიურ საშუალებების მოხმარებასა და აზარტულ თამაშთან დაკავშირებული რისკებზე. თითოეული სკოლა უნდა იყოს თვითკმარი ფსიქოაქტიური საშუალებების პრევენციის თვალსაზრისით, მას ეს უნდა შეეძლოს. არ არის ეფექტიანი, როდესაც პოლიციელი თუ ნარკოლოგი მოდის და ჰყვება ნარკოტიკებზე. პრევენცია უნდა იყოს სკოლის რუტინული კურიკულუმის ნაწილი. ეს უნდა ისწავლებოდეს, ისევე, როგორც როგორც ჯანსაღი კვებადა ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი.