ახალი ამბები

თურქეთი სირიაში მცხოვრები ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გეგმავს

7 ოქტომბერი, 2019 •
თურქეთი სირიაში მცხოვრები ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გეგმავს

თურქეთის ხელისუფლება სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში, სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. თეთრი სახლის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ სირიიდან ჯარს გაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური პრესა, მათ შორის, CNN და BBC ავრცელებს.

“თურქეთი აპირებს განახორციელოს დიდი ხნის წინ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები არ ჩაერევა თურქეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციაში”, – განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, სტეფან გრიშემმა. მისივე განცხადებით, აშშ გეგმავს, ხელი არ შეუშალოს თურქეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციებს, თუმცა მის დახმარებას არ აპირებს. 

აღნიშნულის შესახებ განცხადება გავრცელდა კვირას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ. 

თეთრი სახლის განცხადებით, ამიერიდან თურქეთი იქნება პასუხისმგებელი ტერორისტული ორგანიზაცია “აისისის” თითოეულ მებრძოლზე, რომელიც ამჟამად ქურთების მიერ ჩრდილოეთ სირიაში არიან დაკავებულები. 

თურქეთის სახელმწიფო სააგენტოს, “ანადოლუს” გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  შაბათს თურქეთი-სიირიის საზღვართან საბრძოლო მანქანები და ჯარისკაცებით დატვირთული ავტობუსები შენიშნეს. 

ერდოღანმა განაცახდა, რომ თურქეთმა დაასრულა მომზადება და მზად არის, დაიწყოს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები ჩრდილოეთ სირიაში. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული სამხედრო ოპერაციების მიზანი ჩრდილოეთ სირიაში მშვიდობის დამყარება და რეგიონის ტერორისტებისგან გათავისუფლებაა. 

თურქეთის მთავრობის მიერ The Wall Street Journal-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციების უმთავრესი მიზანი ტერორისტების მიერ შექმნილი საფრთხის განეიტრალება და სირიელი ლტოლვილებისთვის სამშობლოში დასაბრუნებელი პირობების შექმნაა. 

როგორც ამერიკული და ბრიტანული მედიასაშუალებები წერენ, აშშ-ის გადაწყვეტილება გზას უხსნის თურქეთს, თავს დაესხას ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ქურთების ძალებს. აღნიშნული ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში სირიაში ვაშინგტონის ყველაზე სანდო პარტნიორად მიიჩნეოდა. მათ ასევე უდიდესი სტრატეგიული როლი ითამაშეს “აისისის” წინააღმდეგ აშშ-ის მიერ განხორციელებულ კამპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი