ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ 24 საათზე მეტია პოლიცია არ აძლევს საშუალებას შეხვდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს პირს, რომელიც რუსთავის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
ტელეკომპანია მთავარის ცნობით, საქმე ეხება მოქალაქე ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმეს, რომელიც 1 ოქტომბერს გაუჩინარდა და მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. აღმოჩნდა, რომ დადეშელს არაერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
გიორგი გეთაშვილი არის პირი, რომელსაც გამოძიების ცნობით მოკლული ბოლოს ესაუბრა ტელეფონით. ალექსანდრე კობაიძის თქმით, მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, არც დაუკავებიათ, ის მხოლოდ გამოკითხვაზე იყო დაბარებული, შესაბამისად, “ის არის გატაცებული”.
“გიორგი გეთაშვილი არის გატაცებული, ის დაკავებული არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ 30 საათი არსად არ ჩანს და ჩვენი ინფორმაციით იმყოფება ამ შენობაში”, – აცხადებს კობაიძე.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ჯერ კომენტარს ვერ გააკეთებენ.