ახალი ამბები

პრეზიდენტი: ჩვენი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი, მრავალი გამოწვევის წინაშეა

26 მარტი, 2015 •
პრეზიდენტი: ჩვენი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი, მრავალი გამოწვევის წინაშეა

„ასეთი ღონისძიებები, როდესაც ერთად იკრიბება ბრწყინვალე მოაზროვნეები, რომ განიხილონ ქვეყნის, დემოკრატიისა და რეგიონის მომავალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის, იმ ძირითად კითხვებსა და გამოწვევებზე პასუხისათვის, რაც დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე. დემოკრატიის განვითარება, საქართველოს უფრო სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რათა ჩვენმა ქვეყანამ განახორციელოს მისი განსაკუთრებული როლი რეგიონში, არის ის, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ და ვმსჯელობთ ყოველდღიურად”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე თბილისში, 26.03.2015
გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე თბილისში, 26.03.2015

მისივე თქმით, საქართველო არის კარიბჭე აღმოსავლეთით მდებარე მრავალი სახელმწიფოსათვის – კავკასიის რეგიონის, კასპიის ზღვის აუზის და სხვა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის:

 

“ჩვენ მათ ვაძლევთ მრავალმხრივ შესაძლებლობას, რომ დაუკავშირდნენ ევროპას და ვართ ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საქართველო ამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკვე მრავალი საუკუნეა. ამავდროულად, ჩვენი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ეს გამოწვევები ბუნებრივია განვითარებადი საზოგადოებისა და დემოკრატიისათვის, რაც ასევე ხდება სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც. თუმცა საქართველოში ეს გამოწვევები არის უფრო დაძაბული, დრამატული და მეტ გავლენას ახდენს ქვეყნის, აქედან გამომდინარე რეგიონის მომავალზე.

 

მთავრობის, საზოგადოების განვითარება, თავისუფლებათა და სხვადასხვა პოლიტიკურ მიმართულებათა შორის ბალანსის ძიება და უფრო დინამიკურ პროცესში ჩაბმა არის ის, რაზეც ყველა გამუდმებით ვფიქრობთ. საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, ვმონაწილეობთ ძალიან დინამიკურ პოლიტიკურ პროცესებში და გვაქვს მუდმივი მსჯელობა, თუ როგორ განვავითაროთ ხელისუფლება და გავხადოთ ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ნატო-ს, საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების და კერძო სექტორის ლიდერებიდა თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას გამოცდილებას გაუზიარებენ თანამედროვე, ღია, სტაბილური და ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის საქმეში. კონფერენციის ორგანიზატორია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) მჭიდრო თანამშრომლობით და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს, აშშ-ის საელჩოს და NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი