ახალი ამბები

უსუფაშვილი: გვქონდა მცდელობა ეკონომიკური ზრდისთვის მიგვეღწია დემოკრატიის გარეშე, მაგრამ არ იმუშავა

26 მარტი, 2015 •
უსუფაშვილი: გვქონდა მცდელობა ეკონომიკური ზრდისთვის მიგვეღწია დემოკრატიის გარეშე, მაგრამ არ იმუშავა

“ეს კონფერენცია არის კარგი დემონსტრირება პარტნიორობისა, თუ როგორ გვესმის ერთმანეთის. ხალხი, რომელიც აქ ბრძანდება, ისინი წარმოადგენენ სხვადასვა ქვეყნებს, ჩვენ გვაერთიანებს ეს სულისკვეთება და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვხედავთ იმიტომ, რომ ვხედავთ, თუ როგორი მოწადინებულები ხართ, რომ მხარი დაგვიჭიროთ და წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში. ამიტომ ჩვენ ძალიან ოპტიმისტურები ვართ, ამიტომ უფრო მეტად გვაქვს იმედი, რომ დიახ, დემოკრატია დამყარდება ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში. დიახ, დემოკრატია იქნება მდგრადი ჩვენს საზოგადოებაში და დემოკრატიის სულისკვეთება გარდაიქმნება ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებად, რადგანაც ამგვარი სულისკვეთების გარეშე, ამგვარი გამიჯნული მიდგომის გარეშე არც არაფერი არ მოხდება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უბრალოდ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს იყოს მდგრადი, განვითარებადი, რადგანაც მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები”, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველო ამჟამად არის დემოკრატიის მშენებლობის პროცესში:

 

“დემოკრატიის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ სხვა მნიშვნელოვან მიზნებს, როგორიც არის, მაგალითად, ეკონომიკური ზრდა, ხალხთა კეთილდღეობა რეგიონში, მშვიდობა. ჩვენ გვქონდა მცდელობა, ეკონომიკური ზრდისთვის მიგვეღწია დემოკრატიის გარეშე, მაგრამ არ იმუშავა, ანუ დემოკრატიის გარეშე ბევრი რამე არ მუშაობს.

 

შესაბამისად, ამ სულისკვეთებით მე მინდა მოგახსენოთ, რომ მნიშვნელოვანი დებატები გველის, თუ როგორ შეიძლება დემოკრატიამ იმუშაოს უკეთესად, როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობის მისწრაფება მართლაც ემსახურება იმ მიზანს, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი და ასევე, უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოება. და როგორ შეიძლება შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ნატო-ს, საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების და კერძო სექტორის ლიდერები და თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას გამოცდილებას გაუზიარებენ თანამედროვე, ღია, სტაბილური და ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის საქმეში. კონფერენციის ორგანიზატორია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) მჭიდრო თანამშრომლობით და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს, აშშ-ის საელჩოს და NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი