ახალი ამბები

პროკურატურა “კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

25 მარტი, 2015 •
პროკურატურა  “კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ბრალდებულების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძისა და დავით წიფურიას მიმართ წინა სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს, საქმე კი უნდა წარიმართოს სასამართლოში 2015 წლის 26 მარტს. დღემდე დაცვის მხარეს გამოძიებისთვის არ წარმოუდგენია ბრალდების გამაბათილებელი არც ერთი მტკიცებულება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საქმის სასამართლოში წარმართვამდე ერთი დღით ადრე მსგავსი ცრუ განცხადებების გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ დაცვის მხარე გამოძიების მიმდინარეობის დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე უფლებამოსილია ნებისმიერი სახის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიმართოს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და ამ უფლებას მას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული 5 თვე ჩაეტარებინა მისთვის სასურველი ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

დღეს, 24 მარტს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  პროკურატურამ “კაბელების საქმეზე” დაცვის მხარის ექსპერტი ავთანდილ გუნთიაშვლი “გაიტაცა”  და ზეწოლის შედეგად საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე უარი ათქმევინა.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი