ახალი ამბები

სმირნოვების მუზეუმის დირექტორად ბაია ამაშუკელი დაინიშნა

25 მარტი, 2015 •
სმირნოვების მუზეუმის დირექტორად ბაია ამაშუკელი დაინიშნა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ სმირნოვების მუზეუმი, რომელიც წლების განმავლობაში დახრული იყო, გაიხსნას.

 

ბაია ამაშუკელი ისტორიკოსი და ჟურნალისტია. იგი არის მწერალ რეზო ამაშუკელის შვილი.

 

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი “კავკასიური სახლი”, რომლის შემადგენლობაში სმირნოვების მუზეუმი 2010 წლამდე იყო, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

კავკასიური სახლის დირექტორმა გიორგი კანაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ კავკასიური სახლი და სმირნოვების მუზეუმი ერთ შენობაში ფუნქციონირებენ და მათ სურვილი აქვთ, რომ ეს ორი ორგანიზაცია გაიმიჯნოს.

 

“წესით და რიგით, მუზეუმი უნდა დარჩეს იმ ფართში, რაც არის, და დანარჩენი შენობა უნდა გადაეცეს კავკასიურ სახლს. იმავე პრინციპით, როგოც ევროპის სახლი არის გადაცემული უზურფუქტით არასამთავრობო ორგანიზაციაზე. ამგვარი პრაქტიკა არსებობს”, – ამბობს კანაშვილი.

 

გიორგი კანაშვილის თქმით, მუზეუმის კოლექცია მეორე სართულზე მდებარეობს, სამ ოთახში, სადაც ოჯახის ნივთებია განთავსებულ. შენობა, რომელშიც კავკასიური სახლი და სმირნოვების მუზეუმი მდებარეობს, XIX საუკუნის 60-იან წლებში ეგორ თამამშევის დაკვეთით ოტო სიმონსონმა ააშენა. 

 

ბაია ამაშუკელი ფოტო: საქინფორმი
ბაია ამაშუკელი ფოტო: საქინფორმი

დღეს გალაქტიონ ტაბიძის # 20-ში მდებარე შენობა, სადაც კავკასიური სახლი და მუზეუმი მდებარეობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 1998-2002 წლებში ფონდს Horizon დახმარებით მოხდა შენობის კაპიტალური რეკონსტრუქცია, საძირკვლის გამაგრება და სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

 

რეკონსტრუქციამ გიორგი კანაშვილის თქმით, 600 ათას ლარამადე დაიხარჯა. სმირნოვების ექსპონატების რესტავრაცია კი გერმანული ფონდის “Alfried Felix Alwyn Krupp von Bohlen und Halbach” დახმარებით მოხერხდა.

 

1876 წელს, როცა იაგორ თამამშევმა თავისი შვილიშვილი ელისაბედი მიხეილ სმირნოვზე დაქორწინდა, ეს სახლი მას მზითვად გაატანა. მიხეილ სმირნოვი ალექსანდრა და ნიკოლოზ სმირნოვების უმცროსი ვაჟი იყო. მიხეილ სმირნოვმა თან ბიბლიოთეკა, ასევე დედამისის, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ლიტერატურული სალონის ავეჯი გადმოიტანა.

 

1975 წელს სმირნოვების უკანასკნელმა წარმომადგენელმა (მიხეილ სმირნოვმა) სახლის ბედი “მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიას” დაუკავშირა, რომელსაც ლიტერატორი ოთარ ნოდია ხელმძღვანელობდა. კოლეგიის დახმარებით, სახლში სმირნოვების საოჯახო ექსპონატების ექსპოზიცია გაკეთდა. მიხეილ სმირნოვი 1985 წელს გარდაიცვალა და მთელი თავისი მემკვიდრეობა (სამუზეუმო ექსპონატები და ოთხი ოთახი) კოლეგიას გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი