ახალი ამბები

საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ანგარიში გამოქვეყნდა

25 მარტი, 2015 •
საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ანგარიში გამოქვეყნდა

დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ განიცადა გარკვეული პროგრესი დემოკრატიის მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კუთხით. ამ თვალსაზრისით დოკუმენტში ხაზგასმულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კონსტიტუციური რეფორმა და ამისათვის შექმნილი საკონსტიტუციო კომისია. ევროკავშირის შეფასებით, პარლამენტის როლი გაძლიერდა და პრეზიდენტის ძალაუფლება შემცირდა. გარდა ამისა ხაზგასმულია პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც 2014 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მედიათავისუფლება გაუმჯობესდა, მაგრამ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება  სრულყოფილი არ იყო წინასარჩევნო კამპანიის დროს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი კვლავ მყიფეა. გარდა ამისა ნათქვამია, რომ ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში.

 

“ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღეს, ციხის სისტემა და ბავშვთა უფლებების დაცვა გაუმჯობესდა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს და სამართალდამცავების მიერ მოქალაქეების შეურაცხყოფის დაუსჯელობის ნაკლებობა კვლავ ნარჩუნდება. საერთო სურათის თანახმად, უმცირესობების უფლებები არსებითად არ გაუმჯობესებულა. საჯარო ადმინისტრირების მთავარი რეფორმები ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მათ შორის პარტიების დაფინანსების საკითხი”,-ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია პარლამენტის მუშაობა არასამთავრობო სექტორთან, რომელიც დადებითადაა შეფასებული, როცა მთავრობის დილოგი არასამთავრობო სექტორთან შემცირდა.

 

“საერთო ჯამში, საქართველომ გარკვეული პროგრესი განიცადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის შესრულების პროცესში, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების, ასვეე ვიზა- ლიბერალიზაციის პროცესის საკითხში”- ნათქვამია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი