თბილისის მერი კახა კალაძე “მაესტრო TV-სთან” კომენტარში აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტია “გირჩის” მიერ შექმნილ ახალი ტიპის ტაქსები ჯერ ქუჩაში არ გამოჩენილან, თუმცა, “თუკი გამოჩნდებიან, აუცილებლად “მიიშმაქსებიან”.
საუბარია “შმაქსიზე”, რომელიც ზურა ჯაფარიძის თქმით, მგზავრებს ტაქსის მსგავსად მოემსახურება იმ განსხვავებით, რომ როდესაც მგზავრი “შმაქსიში” ჩაჯდება, იქ მასწავლებელი დახვდება, რომელიც თავისუფლების იდეის შესახებ ესაუბრება.
ზურაბ ჯაფარიძეს პირველ ოქტომბერს დაფუძნებული აქვს შპს შმაქსი. მისი თქმით, მასწავლებლები, რომლებიც შმაქსიში იქნებიან და მგზავრებს “საღ აზრსა” და “თავისუფლების იდეაზე” დაელაპარაკებიან, სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმებენ კონტრაქტს.
რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორც ჯაფარიძე ამბობს, ეს დამოკიდებული იქნება არა გავლილ მანძილზე, არამედ საგანმანათლებლო მასალის მოსმენის ხანგრძლივობაზე. სწორედ ამის მიხედვით გადაიხდის მგზავრი ფულს. როგორც გირჩში ნეტგაზეთს უთხრეს, შმაქსისტებს კონკრეტულ ტარიფს არ დაუწესებენ, თუმცა კონტრაქტში საორიენტაციო ფასად წუთი 50 თეთრი იქნება მითითებული. “ჩვენი აზრით, შმაქსის ფასი დღეს ბაზარზე ტაქსების ფასისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება.”
“გირჩის” წევრები აცხადებენ, რომ “შმაქსი” კანონს არ არღვევს და, შესაბამისად, პოლიციაც მძღოლებს ვერ დააჯარიმებს. მერიაში კი ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ეს სამართალდარღვევაა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას გამოიწვევს:
“ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ, სამართალდარღვევაა და ამას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება”, – ამბობს ხმალაძე.