“ევროპული საქართველოს წევრი ზურა ჭიაბერაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს და დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის ჩანაწერის გასაჯაროებას სთხოვს:
“დღეს დიდი სკანდალია ამერიკაში ტრამპის და ზელენსკის საუბართან დაკავშირებით. თეთრმა სახლმა დაუყოვნებლივ გაასაჯაროა ამ საუბრის ჩანაწერი. თუ არაფერი დასამალი არ არის, ლავროვისა და ზალკალიანის ყველა ასეთი ჩანაწერი კეთდება და უნდა კეთდებოდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. პირდაპირ ეთერში ვთხოვ, გამოქვეყნდეს ეს ჩანაწერი”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.
შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, 26 სექტემბერს ნიუ იორკში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.
თბილისის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.