“სარჩელი წარდგენილია პანსიონის მფლობელი ორგანიზაციისა და პანსიონის თანამშრომლებისა და ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის სახელით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იმ კერძო პირების წინააღმდეგ, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ და საკუთარი რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე, მონაწილეობენ და აკონტროლებენ პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის პროცესს.
განსახილველ საქმეში მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მოპასუხე კერძო პირებმა უშუალოდ განახორციელეს დისკრიმინაციული მოპყრობა მოსარჩელეების მიმართ, რაც მათი მხრიდან რელიგიური სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მოტივით, პანსიონის საქმიანობისთვის განგრძობადად ხელის შეშლაში გამოიხატა. კერძოდ, მოპასუხეები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი მოსარჩელეებს არ აძლევენ საკუთრების უფლებითა და მასთან კავშირში გადაადგილების თავისუფლებით, განათლების უფლებით, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. პანსიონის შენობასთან დაწესებულია მორიგეობა, გადაადგილების პროცესი კონტროლდება, ახორციელებენ მუქარას, ძალადობენ მათზე. საჯარო განცხადებებში მოპასუხე კერძო პირები ღიად იყენებდნენ ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ენას.
შსს-თან დაკავშირებით კი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს კანონით დადგენილი ვალდებულებების არაერთჯერად და დისკრიმინაციულ შეუსრულებლობას. კერძოდ, შსს-მ გამოავლინა აბსოლუტური უმოქმედობა მოპასუხე კერძო პირებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან რელიგიური სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევებისა და მართლზომიერი მფლობელობით სარგებლობისთვის ხელშეშლის აღკვეთაში. იგი ამ დრომდე არ უზრუნველყოფს პანსიონის გახსნას.
მათ შორის, მოსარჩელეები დავობენ 2014 წლის 10 სექტემბერს მუსლიმი მოსწავლეების პანსიონთან ღორის რიტუალური დაკვლისა და ცხოველის თავის პანსიონის კარზე განთავსების ეპიზოდში შსს-ს თანამშრომლების არაეფექტურ ქცევაზე. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს სამინისტროს არაეფექტურ პოლიტიკაზე დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევებზე (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო) და ამის საპირისპიროდ, სამინისტროს დემონსტრაციულად რეპრესიულ პოლიტიკაზე უშუალოდ მუსლიმი თემის მიმართ (ჭელა, მოხე), რაც რელიგიური ნიშნით სამინისტროს დისკრიმინაციულ დიფერენციაციას ადასტურებს. მოცემულ საქმეში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისგან დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრას, შსს-ს მიერ პანსიონის ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლურად ერთი ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმე EMC- იმ სასამართლოში 2014 წლის 9 დეკემბერს გააგზავნა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, კანონის დარღვევით, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV9 თავით დადგენილი სპეციალური რეჟიმი დისკრიმინაციული საქმეების წარმოებასთან დაკავშირებით და ხარვეზის დადგენის ნაცვლად, სარჩელი ტექნიკური მიზეზებით განუხილველი დატოვა. აღნიშნული განჩინება EMC-იმ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა გაიზიარა და სარჩელი განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. ამ პირობებში, საქმის განხილვა თითქმის 3 თვით შეფერხდა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლო საქმის არსებით განხილვას უახლოეს პერიოდში დაიწყებს”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.