“1992 წლის 29 აგვისტოს ქალაქ სოჭში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე კონსულტაციები გაიმართა. რუსული დელეგაცია ექვსი წევრისგან შედგებოდა და მათ სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა. აფხაზურ მხარეს ვლადისლავ არძინბა და კონსტანტინე ოზგანი, ხოლო ქართულ მხარეს მხოლოდ თენგიზ კიტოვანი წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მიიღეს ოქმი 1992 წლის აგვისტოდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, არ დაეშვათ შესაძლო ინციდენტები და პროვოკაციები. რუსეთის წარმომადგენლებმა მიიღეს შეთავაზება, რუსეთს შუამავლის როლი ეკისრა კონფლიქტის მოგვარებაში”.
მსგავს ტექსტებს სხვადასხვა გამოცემებიდან, პრესიდან თუ პირადი მოგონებებიდან შეხვდებით თბილისში უნიკალურ გამოფენაზე, სახელწოდებით “კონფლიქტის დერეფნებში. აფხაზეთი 1989-1995”, რომელსაც 4-დან 29 ოქტომბრამდე ლიტერატურის მუზეუმში მოქალაქეები იხილავენ.
ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული მასალების შეგროვება ხუთი წლის წინ დაიწყეს ქართველი და აფხაზი მკვლევრების ჯგუფებმა, საერთშორისო ორგანიზაციების – Conciliation Resources-ის და swisspeace-ის მხარდაჭერით.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები [GoGroupMedia, CIPDD, Studio Re] ამბობენ, ეს არის ამ არქივის საზოგადოებისათვის გაცნობის პირველი მცდელობა.
წარმოდგენილ არქივში უკვე შეგროვებული და სტრუქტურირებულია რამდენიმე ათასი ექსპონატი. ეს არის დოკუმენტები, გაზეთები, ფოტოები და, ვიდეო და აუდიო-ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ მოვლენების მონაწილეები და თვითმხილველები. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამხედროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ სოხუმსა და თბილისში. ასევე, იმ რაიონების მცხოვრებლები, რომლებიც უშუალოდ აღმოჩნდნენ კონფლიქტის ზონაში.
“გამოფენის მიზანია, მიუკერძოებლად და დეტალურად აღადგინოს ისტორიული მოვლენები შეიარაღებულ ფაზამდე, უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
საგამოფენო სივრცეში მოხვდა შერიგების ყოფილი მინისტრისა და კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის პირადი საარქივო მასალების დიდი ნაწილი.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს მასალები ორგანიზატორებმა გამოიყენეს”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
კითხვაზე, რას ავლენს ეს დოკუმენტები, ზაქარეიშვილი ამბობს:
“იმას, რომ ჩვენ ვინახავთ მეხსიერებას; რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია და შემდეგ უკვე თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რას აჩვენებს ეს არქივი. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ვინმეს ჭკუა ვასწავლოთ. ვაჩვენებთ იმ რელობას და მოცემულობას, რომელიც იყო მაშინ”.
ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ პროექტის მთავარი აუდიტორია, პირველ რიგში, ახალგაზრდები არიან.
“სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ჩვენი უახლესი ისტორია, სამწუხაროდ, ეს ისტორია მითოლოგიზებურია, 2008 წლის ისტორიაც კი. მით უმეტეს, როდესაც საუბარია 91-92 წლებზე.
ახალგაზრდებს უნდა მოვუყვეთ, რა და როგორ ხდებოდა. ამ გამოფენას არ აქვს ჭეშმარიტებაზე პრეტენზია. აქ რამდენიმე სიმართლეა ერთდროულად – აქ არის აფხაზური მხარის სიმართლე, ქართული მხარის სიმართლე, აქ არის ზვიად გამსახურდიას მომხრეების სიმართლეც [ვფიქრობ, არ უნდა დაგვეკარგა არც ეს პოზიციები], აქ არის საქართველოს ხელისუფლების პოზიციები, დევნილების პოზიციები”.
წარმოდგენილი დოკუმენტების აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო იყო, თუმცა მასალები ოდესღაც იყო გამოქვეყნებული გაზეთებში, გაბნეული და დაკარგული.
საარქივო დოკუმენტების მიწოდებაში ნაწილობრივ ჩართული იყო აფხაზური მხარეც.