ახალი ამბები

პრეზიდენტმა ნატო-ს გენმდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

4 ოქტომბერი, 2019 •
პრეზიდენტმა ნატო-ს გენმდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

“გვინდა ვაღიაროთ თქვენი როლი საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში, რაც მშვიდობის სამსახურის კიდევ ერთი გზაა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გაძლიერებაა, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ სამყაროში. 2019 წელი განსაკუთრებული წელია ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში. ამას თქვენ გიმადლით და ვფიქრობ, რომ დღეს ოქროს საწმისის ორდენის მონიჭება თქვენთვის საქართველოს მეგობრად თქვენი აღიარების გზაა. ეს ჯილდო სიმბოლოა იმისა, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, გაძლიერდება და საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს”, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა როუზ გოტმიოლერს.

როუზ გოტმიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებისათვის და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს უნიკალური პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში კავშირები გაღრმავდა და განვითარდა.

“ამ საზეიმო მომენტში მინდა, ყველა იმ მამაც მეომარს მივაგო პატივი, რომელმაც სიცოცხლე დათმო ავღანეთის მისიაში. ჩვენ ჭეშმარიტად მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ვამაყობ ნატო-საქართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი სამუშაოთი. ერთ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი, მე ველოდები ამ დღეს”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი