ახალი ამბები

რუსეთში საქართველოსთან ფრენების აკრძალვით დაზარალებული ავიაკომპანიებისთვის კომპენსაციის მიცემას გეგმავენ

4 ოქტომბერი, 2019 • 736
რუსეთში საქართველოსთან ფრენების აკრძალვით დაზარალებული ავიაკომპანიებისთვის კომპენსაციის მიცემას გეგმავენ

რუსულ ავიაკომპანიებს, შესაძლოა, საქართველოში ფრენების აკრძალვით მიღებული ზარალი აუნაზღაურონ. როგორც ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უთხრა, კონპენსაციის საკითხს მთავრობა განიხილავს.

“კომერსანტი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენების შეწყვეტის შემდეგ რუსული ავიაკომპანიები კომპენსაციას ითხოვდნენ. მეტიც, ავიაკომპანია “Pobeda”ტრანსპორტის სამინისტროთვის ოფიციალური წერილით მიმართვასაც აპირებდა. გამოცემის თანახმად, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიებმა დაახლოებით 1 მილიარდი რუბლით ($15 მილიონი) იზარალეს.

პესკოვმა თბილისს მოთმინებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ქვეყანამ “ფრენების აღდგენის საკითხისთვის კარგი მომენტი უნდა დაიჭიროს.”

“კომუნიკაციის პირველი მაგალითები უკვე ვნახეთ, როცა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ იორკში ერთმანეთს შეხვდნენ. ეს პოზიტიური მოვლენა იყო”, – აცხადებს პესკოვი.

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების შემდეგ თბილისში 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული შეაფასა “რუსოფობიურ პროვოკაციად”  და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი