ნეტგაზეთი | ნატო-საქართველოს კომისია არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებაზე შეთანხმდა ნატო-საქართველოს კომისია არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებაზე შეთანხმდა – Netgazeti
RU | GE  

ნატო-საქართველოს კომისია არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებაზე შეთანხმდა

ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომაზე, რომელიც ბათუმში ელჩების დონეზე და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მონაწილეობით გაიმართა, ერთობლივი განცხადება მიიღეს.

განცხადებაში მოკავშირე ელჩებმა და ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნეს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების მასშტაბი და მიესალმნენ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვითი ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს. მიიღეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებისა და გაუმჯობესების გადაწყვეტილება.

“ვემზადებით მორიგი, 2022 წლის ნატო-საქართველოს სწავლებისთვის. მოკავშირეები მომავალშიც განაგრძობენ არსებითი პაკეტის მხარდაჭერას. ამ კონტექსტში, ახლახან გაცხადებული იქნა ახალი სფეროები, სადაც მიმართული იქნება მათი მხარდაჭერა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში თავდაცვის რეფორმების განხორციელებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს მედეგობის გაძლიერებას. ნატო და საქართველო მზად არიან, კიდევ უფრო გააღრმაონ ეს თანამშრომლობა. ბოლო 5 წლის წარმატებაზე დაყრდნობით, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ 2020 წელს ნატო-მ და საქართველომ, გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, უნდა განაახლონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტში საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი, მოკავშირეები კი ადასტურებებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არის ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი.

“ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკულ მექანიზმს მოიცავს. მოკავშირეები აღიარებენ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე და მოუწოდებენ საქართველოს, შეინარჩუნოს ეს პროგრესი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს, უარი თქვას საქართველოს რეგიონების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაზე და გმობენ ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ამ რეგიონების მილიტარიზაციას, მავთულხლართების, ღობეების და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვა ხელოვნური, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის განახლებას.

მოკავშირეები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ასევე, ხაზს უსვამენ საკვანძო საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღების აუცილებლობას მოლაპარაკებათა პროცესში, რათა მოხერხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.