ახალი ამბები

“სამართალდარღვევაა” – თბილისის ვიცემერი “შმაქსიზე”

3 ოქტომბერი, 2019 •
“სამართალდარღვევაა” – თბილისის ვიცემერი “შმაქსიზე”

“ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ, სამართალდარღვევაა და ამას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება”, – ასე გამოეხმაურა თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე პოლიტიკურ პარტია “გირჩის” ინიციატივას, “შმაქსს”, რომელიც ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

“ისინი ამას აინიცირებენ იმისთვის, რომ რეგულაციას გვერდი აუარონ, რაც არ მოხდება. კანონმდებლობის მიხედვით, მსუბუქი კატეგორიის მანქანით მგზავრის გადაყვანა ერთი წერტილიდან მეორეში საჭიროებს ნებართვას. აქ იმის ინტერპრეტაცია, რომ იქ საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა ხდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც იყენებ მაიდენტიფიცირებელს, რომ მგზავრმა დაგიქნიოს ხელი, ამას კანონმდებლობით ლიცენზია სჭირდება. ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. შმაქსთან, რაც არ უნდა ეწეროს მაიდენტიფიცირებელ აბრაზე, წითელი შუქიც რომ ენთოს, ესეც კი გადის მაინდენტიფიცირებელ საშუალებაში. რა მნიშვნელობა აქვს, რას დააწერ”, – ამბობს თბილისის ვიცემერი.

გირჩის განცხადებით, ქალაქში ახალი ტიპის ტაქსები, “შმაქსები” ივლიან. პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, როდესაც მგზავრი “შმაქსიში” ჩაჯდება მას იქ მასწავლებელი დახვდება, რომელიც თავისუფლების იდეაზე ესაუბრება. “მოძრავი უნივერსიტეტი” და “საგანმანათლებლო პროექტი” ასე აფასებს ჯაფარიძე “შმაქსების” იდეას.

“წლების განმავლობაში გირჩი ისედაც დაკავებული იყო საღი აზრისა და სწორი მორალის კითხვით. ამისთვის ბევრ სხვადახვა მექანიზმს ვიყენებდით,  როგორებიცაა: პოლიტიკური პარტია; რელიგიური ორგანიზაცია; ცოტა ხნის წინ ტელევიზია გავუშვით. საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების იდეა გვქონდა. ახლა მერიამ თბილისში ასობით ადამიანი უმუშევარი დატოვა. “შმაქსი”  დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისის მცხოვრებლებს ჩაისვამენ შმაქსიში და მათ განათლებას მიაწვდიან,”-აცხადებს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძეს პირველ ოქტომბერს დაფუძნებული აქვს შ.პ.ს შმაქსი. მისი თქმით, მასწავლებლები, რომლებიც შმაქსიში იქნებიან და მგზავრებს “საღ აზრსა” და “თავისუფლების იდეაზე” დაელაპარაკებიან სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმებენ კონტრაქტს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორც ჯაფარიძე ამბობს, ეს დამოკიდებული იქნება არა გავლილ მანძილზე, არამედ საგანმანათლებლო მასალის მოსმენის ხანგძლივობაზე. სწორედ ამის მიხედვით გადაიხდის მგზავრი ფულს.

როგორც გირჩში ნეტგაზეთს უთხრეს, შმაქსისტებს კონკრეტულ ტარიფს არ დაუწესებენ, თუმცა კონტრაქტში საორიენტაციო ფასად წუთი 50 თეთრი იქნება მითითებული. “ჩვენი აზრით, შმაქისის ფასი დღეს ბაზარზე ტაქსების ფასისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება.”

“ის ადამიანები, რომლებიც მერიამ უმუშევარი დატოვა, ჩვენი კომპანია სთავაზობს, შეეშვან ტაქსაობას და ჩაერთონ შმაქსის საგანმანათლებლო პროექტში. თუ მათ არ ჰყოფნით იმის თავდაჯერება, რომ ისინი სწორად შეძლებენ “გირჩის” იდეების გავრცელებას, ჩვენ მათ ვთავაზობთ ჩვენი საგანმანათლებლო ვიდეოები მივაწოდოთ,”-აცხადებს ჯაფარიძე.

როგორც “გირჩის” წევრმა ჰერმან საბომ ნეტგაზეთს უთხრა შმაქსისტობის მსურველებმა მათ კომპანიას ლიცენზიისთვის თვეში 10 ლარი უნდა გადაუხადოს.

“გვესმის, რომ ამდენი კვალიფიციური მასწავლებლის პოვნა რთულია, ამიტომ შმაქსისტებს, რომლებსაც მასწავლებლობის გამოცდილება არ აქვთ. ანუ მათ არ შეუძლიათ ზეპირად აუხსნან მგზავრებს გარკვეული კონცეფციები სხვადასხვა საკითხზე, მათთვის გვექნება გამზადებული ვიდეოები. შესაბამისად, როცა “შმაქსისტთან” მოსწავლე/სტუდენტი ჩაჯდება, შმაქსისტი ამ ვიდეოს ჩაურთავს. თუ გამოცდილია მას შეუძლია პირადად აუხსნას გარკვეული საკითხები”, – აცხადებს საბო.

შმაქსის წევრები დღეს პატრულმა გააჩერა. ფეისბუკზე გირჩის წევრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პატრულმა მძღოლი არ დააჯარიმა.

ჟურნალისტების კითხვაზე რატომ არ დააჯარიმა “შმაქსი” პოლიციამ ვიცე მერი პასუხობს: “პატრულის გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ყოფილა შემთხვევა როცა პარტულს ჯარიმა არასწორად ჰქონია დაწესებული და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით ის გაუქმებულა. მე შეგიძლიათ გითხართ მერიის პოზიცია, რომლის თანახმადაც ე.წ შმაქსი ჯარიმას ექვემდებარება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი