ახალი ამბები

1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმისგან ერთჯერადად გათავისუფლდებიან

2 ოქტომბერი, 2019 • 930
1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმისგან ერთჯერადად გათავისუფლდებიან

პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს და პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები 200-ლარიანი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან.

შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირაში მოხდება.

“იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა შეძლეს არასწორი მოლოდინები გაეჩინათ და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები. მათ ნაწილს ეგონა, რომ არ დაჯარიმდებოდა. ამის გამო ისინი გამოვიდნენ ქალაქში და დაჯარიმდნენ პატრულისგან 200 ლარით. გადავწყვიტეთ, ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ფინანსური ჯარიმის მოსახსნელად ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან ერთობლივი შეთანხმებით, დავაინიციროთ საკანონმდებლო ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები მოეხსნებათ ტაქსის იმ მძღოლებს, ვინც პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ზუსტი მონაცემები არ აქვს, თუმცა საუბარია დაახლოებით 700 ჯარიმაზე, რომელიც პირველ ოქტომბერს დაიწერა.

პირველი ოქტომბრიდან თბილისში ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომლის თანახმადაც, A კატეგორიის ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება.

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ჯერ კიდევ დღეს აცხადებდა, რომ არ იგეგმება პირველ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერის საკითხი და რეგულაციის დამრღვევი მძღოლები შესაბამისად დაჯარიმდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი