პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს ადამიანთა ჯგუფმა, რომელშიც უმეტესად კაცები შედიოდნენ, ფახუნდა სცემა, შემდეგ მის გვამს ცეცხლი წაუკიდეს და მდინარეში გადააგდეს,-წერს “გარდიანი”.
პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დაგმო ფარხუნდას მკვლელობა და მას “საზარელი თავდასხმა” უწოდა. ხელისუფლება ჯერ კიდევ იძიებს, რატომ დაესხა ადამიანთა ჯგუფი თავს 27 წლის ქალს. ბრალდებებზე, რომელიც პოლიციის მიმართ არსებობს, რომლის თანახმადაც პოლიცია თავდასხმის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად, პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს “ფუნდამენტური საკითხია” და პოლიცია იმდენადაა ფოკუსირებული თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომ ადგილობრივ საკითხებზე ვეღარ კონცენტრირდება.
პრეზიდენტის კომენტარებს მკვლელობის ფართომასშტაბიანი დაგმობა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის კონსტიტუცია ქალისა და კაცის თანასწორობას აღიარებს, ქალი განიხილება როგორც მორჩილი და მათ მიმართ ჩადენილი ძალადობა დაუსჯელი რჩება.
ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა და რელიგიურმა ლიდერმა ფარხუნდას მკვლელობის გამართლება შემდეგი არგუმენტით სცადა, მათი თქმით, ფარხუნდამ ყურანის ასლი დაწვა, თუმცა პოლიცია ამბობს, რომ მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს.
“ჩვენ შევისწავლეთ ყველა მტკიცებულება და ვერაფერი ვიპოვეთ, რაც ამ ბრალდებას დაადასტურებდა, ის აბსოლუტურად უდანაშაულოა”- ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, 13 ადამიანია დაკავებული მკვლელობასთან დაკავშირებით.
ასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქის გარეუბან ხაირ ხანაში, ფარხუნდას სახლთან ახლოს. ქალთა უფლებების აქტივისტებმა ფარხუნდას მამის ნებართვით ფარხუნდას კუბო ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანიდან მეჩეთამდე თავად მიიტანეს და შემდეგ მეჩეთიდან მის საფლავზე გადაასვენეს.
ქალაქის გამოძიების ორგანოს ხელმძღვანელის, მოჰამედ ფარის აფზალის თქმით, ფარხუნდა დაუზუსტებელი ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა, მაგრამ მისი მეზობლები “ასოშიეთიდ პრესთან” საუბრისას ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი რელიგიური კვლევების კურსის შესწავლას ასრულებდა და მასწავლებლობისთვის ემზადებოდა.
“ყველა პატივს სცემდა მას, ის ძალიან რელიგიური იყო და არასდროს ტოვებდა სახლს ჰიჯაბის გარეშე. არასდროს გაგვიგია, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ჰქონდა, სწავლას ასრულებდა”,- ამბობს ფარხუნდას მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ფარხუნდას ოჯახი განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა.