„მოძალადეებს ჩვენ მივეცით უფლება დემონსტრაციის და ისინი თავხედურად გამოდიოდნენ და აბსურდული მიზეზებით მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას გადადგომას. ის ხალხი, რაც მოაგროვეს, 5 თუ 7 ათასი, აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან. მაგრამ მთავარი, რაც გუშინ ჩანდა, არის ჩვენი საზოგადოების ზრდა. მიუხედავად მათი მცდელობისა, საზოგადოება სიცრუეში ამყოფონ, გამოჩნდა, როგორ გაიზარდა საზოგადოება“- ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემა “კვირის 20/30”-ში გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს ხელსიუფლების შემობრუნებას საზოგადოება არ მიიღებს:
“მოსვლა რომ უნდათ, რა უნდათ, რაც ჰქონდათ ისევ? ასეთი ბრიყვები ჰგონიათ საქართველოს მოსახლეობა? ტყუილად აქვთ ეიფორია. როგორ შეიძლება მოვლენები ასე მალე მიჩქმალდეს. რისი ნოსტალგია აქვთ ქართველებს, იმის, რაც ხდებოდა ციხეებში? ამიტომ უნდა დაბრუნდნენ? წინა ხელისუფლება, სააკაშვილისა და გუშინდელი დემონსტრანტების მეთაურობით, სწორედ რომ მთელ პოლიტიკას ციხეებით აწყობდნენ. ციხეები იყო ლაკმუსის ქაღალდივით. ეს წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ამის მსგავსს არასდროს დავუშვებთ”.
ივანიშვილის განცხადებით, იდეალური ინსტიტუტები, ღირებულებები არსად არ არსებობს და ამის განვითარება -ისევე, როგორც ყველა ქვეყანამ- საქართველომაც უნდა სცადოს:
“ჩვენ 2014 წლის შემდგომ მოვახერხეთ, იგივე ეკონომიკის პირობებში პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია. დღეს ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში არის კორუფცია. გამოვლინებები ალბათ აქაც არსებობს, თუმცა ისეთივე, როგორიც არსებობს იმ ქვეყნებში, საითაც ჩვენ მივისწრაფვით – ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და აშშ-ში. იდეალური ქვეყანა არსად არ არსებობს, იდეალური ინსტიტუტები და ღირებულებები არსად არ არსებობს, ყველა ქვეყანა ცდილობს მის განვითარებას და ასევე უნდა ვეცადოთ ჩვენც. ჩვენ ჯერ გაცილებით მეტი გვაქვს სათქმელი. ჩვენ უნდა მივიდეთ მათ დონეზე და შემდეგ მათთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ის ღირებულებები, რაც ადამიანზეა მორგებული. ადამიანი უნდა იყოს ყველაფრის სათავეში და ყველა ღირებულება ადამიანისთვის უნდა მუშაობდეს”.