თავისუფლების მოედანზე ენმ-ს ეგიდით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს დავით ბაქრაძე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერის განცხადებას, რომ დღევანდელ აქციას “ძალით და ფულით” მოყვანილი ხალხი გამართავს.
“ძალით მოყვანა არ ჭირდება მაღაზიის გამყიდველს, რომელიც ვეღარ ყიდის ვერაფერს, ძალით მოყვანა არ ჭირდება იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღე ღარიბდება. გაჭირვებამ მოიყვანა ეს ხალხი და ამ გაჭირვების გამო ვამბობთ ჩვენ დღეს, ეს მთავრობა უნდა წავიდეს. ჩვენი დღევანდელი შეკრება არ არის პარტიული ბრძოლა, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თანამდებობებზე, ხელისუფლებაშიც, ამას გპირდებით აუცილებლად, ისევე როგორც მზეს დაგპირდით გუშინ დღევანდელ აქციაზე, არავის რომ არ სჯეროდა”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ეს მთავრობა უნდა წავიდეს იმიტომ, რომ “ბევრი დანაპირების ნაცვლად, იმ უკეთესობის ნაცვლად, რომელსაც ყველა ელოდა, უარესობა შეიტანა ყველა ოჯახში. გაუფასურებული ლარი არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა. გაზრდილი უმუშევრობა და სიღარიბე არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი აქცია არ არის ერთი პარტიის აქცია, ამიტომ მომავალში ის უფრო მრავალრიცხოვანი იქნება: “ეს არის თითოეული თქვენგანის აქცია, შემდეგ აქციებზე კიდევ უფრო ბევრად მეტი და ბევრად ძლიერები ვიქნებით და ბოლომდე წარმატებით მივიყვანთ პროცესს იმიტომ, რომ ჩვენი წარმატება ჭირდება ქვეყანას.”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, დღეს, 21 მარტს აქცია მიმდინარეობს თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. ენმ-ს ლიდერების განცხადებით, პერმანენტული აქციები საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება.