ახალი ამბები

67-მა სახელმწიფო კომპანიამ 2018 წელს 805 მილიონ ლარამდე იზარალა

1 ოქტომბერი, 2019 • 1839
67-მა სახელმწიფო კომპანიამ 2018 წელს 805 მილიონ ლარამდე იზარალა

2018 წელს 67 სახელმწიფო კომპანიის ზარალმა, ჯამში, 805 მილიონ ლარს მიაღწია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური ანგარიშის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, ზარალი  თითქმის 160 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო საწარმოების ზარალის ჯამური ოდენობა 2.5 მილიარდ ლარს აღემატება.

ზარალის დიდი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და სხვა. ზარალთან ერთად 67 სახელმწიფო საწარმოს აქტივების ღირებულება 2%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება უშუალოდ საწარმოებს, საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 609 მილიონლარიანი ზარალით დაასრულა, რისი მიზეზიც ფონდის შვილობილ საწარმოში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგებია. საუბარია რიკინიგზის ზარალზე. 

სახელმწიფო ფონდის ისეთი მსხვილი კომპანიების 100%-იან წილებს ფლობს, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა,  ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი. ამას გარდა, 24%-იანი წილი აქვს “თელასში”. რკინიგზის გარდა, ფონდის მფლობელობაში არსებულმა სხვა კომპანიებმა 2018 წელი მოგებით დაასრულეს, რის გამოც მოხდა ამ ზარალის ნაწილობრივი კომპენსირება და საბოლოოდ, საპარტნიორი ფონდის ჯამური ზარალი 609 მილიონი ლარი იყო.

2017 წლის მსგავსად, ზალარით დაასრულა 2018 წელიც საქრათველოს რკინიგზამ. კომპანიის ზარალი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით  სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების მომსახურებას უზრუნველყოფს, 700 მილიონ ლარს აღემატება.

“აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარდა გაუფასურების ტესტი ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად შემცირების გამო, კერძოდ, 2012 წლის 5.899 მილიონი ტონა ტვირთი თითო კილომეტრზე 2018 წლისთვის დაეცა 2 747 მილიონ ტონა ტვირთზე და, შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავალი 2012 წლის 350.7 მლნ ლარიდან 2018 წლისთვის შემცირდა 241.6 მილიონამდე,” – ვკითხულობთ ანგარიშში. 

ამასთან, 2017 წელს ზარალის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია 2010 წელს დაწყებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერებით გამოწვეული აქტივის ღირებულების შემცირება.

ფისკალური ანალიზის მიხედვით,  236 სახელმწიფო საწარმოდან ცენტრალური ხელისუფლება 159, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება 77 საწარმოს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი