„არსებობს ოპერატიული კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ საიდან გაჩნდა ეს ხელკეტები, თუ საიდან იყო პროვოკაცია და ამაზე პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება. საგამოძიებო დეტალებზე ახლა საუბარს არ გავაგრძლებ, მაგრამ ვიდეომასალაში ცალსახად ჩანს, რომ ხელკეტები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. შესაბამისად, ქვების სროლა, უწმაწური სიტყვებიც და მაპროვოცირებელი ქმედება სწორედ იქიდან მომდინარეობდა. ის ბრალდებები, რომ თითქოსდა პოლიცია უმოქმედო იყო, არის აბსურდი. პოლიცია რომ არ ყოფილიყო, ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდერბოდა ყველაფერი. პოლიცია ყოველთვის არის იქ, სადაც არის თავშეყრის ადგილები“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
15 მარტს დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში, ორგანიზაცია თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ოფისში, რომელსაც ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანლობს. როგორც ნადარეიშვილი ფეისბუკზე წერს, ოფისს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები დაესხნენ თავს, რომელთა ნაწილი ხელკეტებით იყო შეიარაღებული.
ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობისა და ორგანიზაცია “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ოფისებთან მომხდარი თავდასხმების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და მაქსიმუმ 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.