ახალი ამბები

ხაბეიშვილი იზიარებს სააკაშვილის მოსაზრებას ბოკერიაზე

30 სექტემბერი, 2019 •
ხაბეიშვილი იზიარებს სააკაშვილის მოსაზრებას ბოკერიაზე

“ის, რომ მათ შორის წინა ხელისუფლების დროს ბოკერია იყო  ერთ-ერთი იმ როლის შემსრულებელი, რომ რაღაცნაირად დისტანცირება მომხდარიყო ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, მე ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე პრობლემა შეიძლება გვქონდეს სხვა მიმართულებით”, – ეს განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ტვ პირველთან ინტერვიუში.

29 სექტემბერს, კვირა საღამოს, „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ასე გააკრიტიკა:

„რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან“.

სააკაშვილმა ასევე თქვა: „მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ქართული ფასეულობები, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი. ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “მთავარ არხზე” საუბრისას.

სწორედ ეს განცხადება შეაფასა ხაბეიშვილმა:

“ის, რომ ბოკერიას გარკვეული პრობლემები შეიძლება ჰქონდეს მართლმადიდებლობასთან, ქრისტიანობასთან, ეს მე მგონია, რომ საზოგადოებაში არ არის დამალული და დაფარული და ახალი თემა, რაზეც შეიძლება, რომ ისტერიკაში ჩავვარდეთ. თუმცა, ვინ როგორ ჯვარს ატარებს, რა რელიგიური მრწამსი ექნება, რა თქმა უნდა, არის მისი საქმე და არასდროს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მსგავსი განსხვავების გამო ადამიანები არ უდევნიათ”, – ამბობს ხაბეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი