აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის, “აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის” სხდომა ქალაქ საბირაბადში ჩაშალა. პოლიციამ ოპოზიციონერებს აიძულა დაეტოვებინათ პარტიული ოფისი და კარი ლურსმნებით აუჭედა.
პარტია დღეს, 30 სექტემბერს, საკუთარ ოფისში სხდომას გეგმავდა. სხდომის დაწყებამდე ოფისში 20-მდე პოლიციელი მივიდა და აქტივისტებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები აცხდებენ, ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ოფისი დატოვეს. თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციამ ოფისის კარი მაინც დალუქა – ლურსმნებით აუჭედა.
პარტიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ქალაქ საბირაბადის ოფისს ჩამოართმევენ. მათივე განცხადებით, ოფისის დატოვების შემდეგ პარტიის წარმომადგენლებს ჩაიხანაში შეკრების უფლებაც კი არ მისცეს.
თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.