ახალი ამბები

უხვი ნალექის გამო ქუთაისში ქუჩები დაიტბორა

29 სექტემბერი, 2019 • 1207
უხვი ნალექის გამო ქუთაისში ქუჩები დაიტბორა

28 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 290-მდე შეტყობინება შევიდა.

როგორც სამსახურში აცხადებენ, გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა. ასევე, წყალი შევიდა 3 სამედიცინო დაწესებულებაში – ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ,,ჯეო ჰოსპიტალი”, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია.

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ.

უწყების ცნობით, შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იმერეთში აღარ წვიმს. მოძრაობა გზის მონაკვეთებზე სრულად აღდგენილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი