ახალი ამბები

ნარმანია თანამშრომლებს: მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანეთ ყველა თანამშრომელი

19 მარტი, 2015 •
ნარმანია თანამშრომლებს: მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანეთ ყველა თანამშრომელი

„დარწმუნებული ვარ, არც ერთ იმ მოხელეს, ვინც ბედავს უკანონო ქმედების ჩადენას, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის, დანაშაული არ შერჩება“, – განაცხადა ნარმანიამ თათბირზე, რომელსაც საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, გამგებლები და საქვეუწყებო სამახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

„დღეს გამოვლინდა დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი. სამწუხაროდ, ადამიანები, როგორც ჩანს, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ ჭკუას და კვლავ უმძიმეს დანაშაულს სჩადიან. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაშური ოპერატიულობისათვის, მის ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელმაც კიდევ ერთი დანაშაული გამოავლინა მერიის სისტემაში. დარწმუნებული ვარ, არც ერთ იმ მოხელეს, რომელიც ჩაიდენს მსგავს დანაშაულს, არ შერჩება, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის. მიუხედავად იმისა, რომ რეაგირება ოპერატიულია შესაბამისი სამსახურების მხრიდან, აუცილებელია, ჩვენ თვითონაც მერიის სტრუქტურის შიგნით გავამკაცროთ კონტროლი და გავაძლიეროთ ანტიკორუფციული საქმიანობა. ამიტომაც მინდა დაგავალოთ თითოეულ თქვენგანს – ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, რაიონების გამგებლებს, დაქვემდებარებული შპს-ების და სხვა სამსახურის ხელმძღვანელებს, მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანოთ ყველა თანამშრომელი, მისცეთ მათ დღესვე შესაბამისი მითითებები, გაფრთხილებები და დღეის შემდეგ თუ ამ ტიპის დანაშაული განმეორდება, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთ ფაქტზე უშუალო ხელმძღვანელი აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას. ამიტომაც ძალიან აქტიურად უნდა დავიწყოთ მოქმედებები“, – მიმართა მან მთავრობის წევრებს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის მარტის დასაწყისში თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა საქართველოს მოქალაქეს სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, უწყების ცნობითვე, ქრთამის სახით მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 3 000 ევრო.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი