საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა მიმდინარე წლის შემოდგომაზე აღდგეს. აღნიშნული განცხადება მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა. ნათია თურნავას თქმით, სავარაუდო თარიღად ნოემბერი დასახელდა:
“პირველი დადებითი ინფორმაცია, რაც პარალელურად გაჟღერდა და ინდიკაცია იყო, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა უკვე ამ შემოდგომაზე აღდგეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება, ამის წინაპირობებს ჩვენ უკვე ირიბად ვხედავთ. დასახელდა ნოემბერი. ვნახოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება პოზიტიური ნაბიჯი. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ სანქიეცბმა, რომელიც 20-21 ივნისის პროვოკაციას მოჰყვა, ძალიან სერიოზულად დააზარალა საქართველო.
აქ საუბარი გვქონდა მაკროჭრილშიც, იყო სერიოზული მოლოდინი, რომ ეს დაგვარტყამდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მთელი 0.8 1%–ით შემცირდებოდა და ზოგადად საუბარია, რომ სულ მცირე 300 მლნ დოლარი გამოაკლდა საქართველოს სავალუტო ნაკადები, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის” – თქვა თურნავამ.
რა მოხდა
საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.