“პროცესები მიმდინარეობდა პროვოკაციის ფონზე, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მოკვლევა, რომ არ მოხდეს ვინმეს უკანონო დასჯა და ცილისწამება. თემა სენსიტიურია და ამ სენსიტიურობიდან გამომდინარე უმჯობესია ჯერ მქონდეს მოკვლევის შედეგები, რომ ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრო და ვნახოთ რეალურად რა მოხდა. წინასწარი მონაცემებით და ამას ალბათ ფაქტებით დავადასტურებთ, ზუგდიდის შემთხვევაში დარბაზში ბავშვები არ ისხდნენ”,– განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლეები ზემოხსენებული ფილმის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ, ტელეკომპანია “ოდიშმა” გაავრცელა. ტელევიზიის სიუჟეტში ზუგდიდის მე-4 და პირველი სკოლის მოსწავლეები ამბობებნ, რომ ისინი ჩვენებაზე სკოლის მასწავლებელმა [დამრიგებელმა] მიიყვანა, თან ისე, რომ წინასწარ შეადგინა სია და ბავშვებს ხელი მოაწერინა იმის დასტურად, რომ მათ ნამდვილად სურდათ იქ მისვლა. ამასთან, ბავშვების განმარტებით, მასწავლებელს მათთვის არ უთქვამს, რომ ფილმის სანახავად მიდიოდნენ. ერთი მოსწავლის თქმით, მასწავლებელმა უთხრა, რომ გამგეობასთან იგეგმებოდა შეხვედრა, ხოლო მეორე მოსწავლის თქმით, ღონისძიების მიზანი თვითონ მასწავლებელმაც არ იცოდა.
“ოდიშის” ცნობით, ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“) ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო. “ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ”.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მაც გაავრცელა კადრები ფილმის ჩვენებაზე ბავშვების ყოფნის შესახებ არა მხოლოდ ზუგდიდში, ასევე, ფოთში.