ახალი ამბები

ახალი მედიკამენტით C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყების ვადამ აპრილის ბოლომდე გადაიწია

18 მარტი, 2015 •
ახალი მედიკამენტით C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყების ვადამ აპრილის ბოლომდე გადაიწია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას განმარტებით, ახალი მედიკამენტით მკურნალობის დაწყების ვადის გადაწევა სხვა, უფრო ეფექტური მედიკამენტის, ჰარვონის შეთავაზებას უკავშირდება, რომელიც საქართველოში აგვისტოში შემოვა და სოფოსბუვირს ჩაანაცვლებს.

 

“ხელშეკრულების გაფორმება არ გადადებულა. პროცესი მიმდინარეობს ძალიან კარგად. ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ცოტათი გადაიდო, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო მკურნალობა, მაგრამ კიდევ უფრო კარგი შეთავაზება მივიღეთ ჰარვონის სახით. ახლა მისი რეგისტრაცია მიმდინარეობს”, – ამბობს კვარაცხელია.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, “სოფოსბუვირის” მწარმოებელ ამერიკული კომპანია “გილეადის” დელეგაცია საქართველოში აპრილის ბოლოს ჩამოვა, რომლის დროსაც მხარეები ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ. იქამდე კი, როგორც კვარაცხელია ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას სამოქმედო გეგმის დეტალებს გააცნობს.

 

“27-28 მარტს გავაჟღერებთ დეტალებს, თუ რას აიღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო, როგორი იქნება პროგრამაში პაციენტების ჩართვის კრიტერიუმები, როგორი იქნება დიაგნოსტიკის მეთოდები და ა.შ.” 

 

კვარაცხელიას თქმითვე, აპრილიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი კვლევაც, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების სურათს აჩვენებს. 

 

ვალერი კვარაცხელია; ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ვალერი კვარაცხელია; ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი