ახალი ამბები

პრეზიდენტისა და საგარეო უწყების მიმართვები მოსკოვისა და ცხინვალის შეთანხმებაზე

18 მარტი, 2015 •
პრეზიდენტისა და საგარეო უწყების მიმართვები მოსკოვისა და ცხინვალის შეთანხმებაზე

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის აღნიშნული ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიითა და ჰელსინკის აქტით დადგენილ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.

 

“საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. დოკუმენტი ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და – განსაკუთრებით – სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში”.

 

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტის გაფორმება და შემდგომი იმპლემენტაცია კიდევ უფრო დაამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. 

 

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამგვარი ქმედებები წარმოადგენს 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და 2008 წლის შემდგომ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას. საქართველოს მიმართ ამგვარი პოლიტიკა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან ერთად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია არ ეგუება სუვერენული სახელმწიფოების არჩევანს და ცდილობს რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენას, მათ შორის სამხედრო ძალის, ოკუპაციის, ანექსიისა და სხვა დესტრუქციული მეთოდების გამოყენებით”.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზინდეტი მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკის აღსაკვეთად, მათ შორის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გზით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი