მაია ცქიტიშვილის თქმით, 2014 წლის დეკემბერში ნამდვილად გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ავეჯის შესყიდვას შეეხებოდა. მისივე თქმით, ავეჯი შეიძინეს არა პრემიერ–მინისტრისთვის, არამედ იმ სივრცისთვის, რომელიც საჭირო იყო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად:
“ასევე, ქალბატონი ირმას გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორი ციფრებია მითითებული იმ თვალსაზრისით, რომ სადაც წერია, რომ 1 სკამი ღირს 15 000, რეალურად 84 სკამია. როცა წერია, რომ ნივთი ღირდა 24 000, სინამდვილეში ღირდა 950 ევრო, ანუ 2000 ლარი. ეს ინფორმაცია არ იყო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სახით მიღებული ინფორმაცია და ალბათ ესაა მიზეზი, რატომაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ბატუტიანი საწოლის შეძენა არ მომხდარა, ალბათ ეს იტალიურიდან არასწორი თარგმანია, ნამდვილად მოხდა საწოლის შეძენა, იყო ერთი საწოლი, რომელიც მოგახსენეთ, რომ ღირდა 2 200 ლარი და არა 24 000, სასწოლი არის გათვალისწინებული პირველი პირისთვის, რომელსაც უწევს დილის 4 საათამდე მუშაობა ხშირ შემთხვევაში. ალბათ ეს კითხვა უნდა დაგვესვა მაშინაც, როდესაც ხდებოდა ძალიან ბევრი საწოლის შეძენა და ჩვენ წინა ხელისუფლებიდაგან განსხვავეით ამ ინფორმაციას არ ვადებთ საიდუმლო გრიფს, მაგრამ როდესაც ათონელის რეზიდენციას მოვხსენით გრიფი, 4–5 საწოლი იყო შეძენილი, დივანი ამ შემთხვევაში ერთი ცალი და არა რამდენიმე- 23 000 ლარი, საწოლი- 14 000 ლარი, ერთი სავარძელი- 14 000 ლარი, სანათები- 37 000 ლარი, ერთი სანათი- 34 000 ლარი. ათონელის რეზიდენციისთვის, ჯამში, მხოლოდ რბილ ავეჯზე მილიონახევარზე მეტი იყო დახარჯული და სანათებზე მილიონ ლარზე მეტი”,– განაცხადა ცქიტიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს, 18 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მთავრობამ 181 401 ლარის ღირებულების იტალიური ავეჯი შეუკვეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტისთვის, რომელთა შორის არის დივანი, სკამები მაგიდები, საწოლი ბატუტითა და ორთოპედიული მატრასი. როგორც ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეკვეთა (ორ კომპანიაზე: ლაიფსტაილი და იტალ დიზაინი) განხორციელდა გასული წლის დეკემბერში, როდესაც ლარმა დევალვაცია დაიწყო.