ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს შექმნაზე მუშაობს

18 მარტი, 2015 •
საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს შექმნაზე მუშაობს

ფონდში ვარაუდობენ, რომ სამი თვის განმავლობაში სააგენტო იქნება ჩამოყალიბებული და დაკომპლექტებული. ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო  საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შვილობილის სტატუსით ჩამოყალიბდება. 

 

ფონდმა შეარჩია საერთაშორისო კონსულტანტი – ექსპორტის ხელშეწყობის ცნობილი იტალიური სააგენტო „საჩე“ (SACE).

 

საპარტნიორო ფონდი აცხადებს, რომ „საჩესთან“ (SACE) ერთად მომდევნო სამი თვის განმავლობაში სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ პროდუქტებისა და პროცედურების შექმნაზე იმუშავებს, რომელიც ხელს შეუწყობს  საქართველოში ექსპორტიორების ფინანსირებას.

 

„ეს საშუალებას მოგვცემს, შემდგომი განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივით, პირველ ეტაპზე შევქმნათ მინიმუმ 4  პროდუქტი, როგორებიცაა ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით საკრედიტო დაზღვევა, დოკუმენტური დაკრედიტება, ფაქტორინგული ოპერაციები, ფინანსური გარანტიები. ზოგადად პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია  ექსპორტიორი კომპანიების საკრედიტო რისკების დაზღვევასა და ამ რისკების გადანაწილებასთან“, განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. 

 

კოვზანაძე აცხადებს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს მოიპოვონ დაფინანსება ადგილობრივი ოპერაციებისთვისაც საექსპორტო ბაზრის გასაფართოებლად. 

 

საჩე (SACE) ჯგუფი არის ფინანსური მომსახურების სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს ფართო პროდუქტების სპექტრს, როგორიცაა დოკუმენტური დაკრედიტება, პოლიტიკური და საკრედიტო რისკების დაზღვევა, ფინანსური გარანტიები და ფაქტორინგული ოპერაციები.

 

ჯგუფის ოპერაციების მოცულობა შეადგენს 70 მილიარდ დოლარს, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 189 ქვეყანას. საჩე (SACE) ჯგუფი ხელს უწყობს იტალიური და უცხოური ბიზნესების კონკურენტუნარიანობას, ფულადი სახსრების სტაბილურობის გარანტირებით. „საჩეს“ (SACE) მისიაა ხელი შეუწყოს იტალიურ ექსპორტსა და ინვესტიციებს, ასევე იტალიური ეკონომიკისა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარებას.

 

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს.  საპარტნიორო ფონდის აქტივები  5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს  „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.

 

 

ექსპორტი
ექსპორტი

მასალების გადაბეჭდვის წესი