აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი 25 წლის ვადით გააფორმებენ.
შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მუხლი რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის საბაჟო სტრუქტურების ჩართვას რუსეთის ფედერაციის საბაჟო სისტემაში და სამხრეთ ოსეთის საბაჟო კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. შეთანხმების პროექტის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურებიც მარტივდება.
“სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ახალი პროექტი ორივე სახელმწიფოს ინტერესებს პასუხობს, ხელს უწყობს უფრო მჭიდრო ინტეგრაციას მათ შორის და მიმართულია სამხრეთ ოსეთის განვითარებისკენ”,- ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ზნაურის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მსგავსი შეთანხმება რუსეთის ფედერაციამ რამდენიმე თვის წინ აფხაზეთთან გააფორმა. თუმცა, აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთთან შეთანხმება რუსეთთან მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს, რაც ხელშეკრულების სახელწოდებაშიც აისახება.
ცხინვალსა და მოსკოვს შორის სამეკავშირეო შეთანხმებას განცხადებებით ეხმაურება ოფიციალური თბილისიც. ერთ-ერთი ბოლო განცხადება ამ საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ გააკეთა.
“ბუნებრივია, მოსკოვში ხელმოწერის ცერემონიალი მძიმე ფონს შექმნის ჩვენი შეხვედრისათვის. მე ვესაუბრე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს, ბატონ ჰერბერტ ზალბერს და გავუზიარე მას ჩვენი გულისწყრომა. მე ვთხოვე ბატონ ზალბერს თანათავმჯდომარეთა სათანადო რეაგირება მოსკოვის ამ დემარშზე. ამგვარი დემონსტრაციული ქცევა რუსეთის მეზობლების მიმართ გამოჩენილ აგრესიასთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა ახსენებდეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს და სამშვიდობო პროცესის შუამავლებს, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე იმყოფება საქართველო”, – აცხადებს დონდუა.
დღეს, 18 მარტს დაგეგმილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.
ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში დღეს, ხელმოწერის გარდა, მხარეები სხვადასხვა, მათ შორის რეგიონის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო საკითხებს განიხილავენ.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |






