ახალი ამბები

ქალბატონი სალომესგან მეტს ველოდი – სესიაშვილი გაერო-ში პრეზიდენტის გამოსვლაზე

26 სექტემბერი, 2019 • 973
ქალბატონი სალომესგან მეტს ველოდი – სესიაშვილი გაერო-ში პრეზიდენტის გამოსვლაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტისგან გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას “მეტს ელოდა”.

“გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ყოველთვის ძალიან ღირებულია და თავისი მნიშვნელობის მატარებელია. მე, სიმართლე გითხრათ, ქალბატონი სალომესგან მეტს ველოდი. უფრო სწორად, შეიძლება მეტის მოსმენა მდომოდა, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ის ძირითადი აქცენტები, რაც გასაკეთებელი იყო ამ მაღალი ტრიბუნიდან, მან გააკეთა. თუმცა შეიძლება ჩემთვის უფრო სხვა აქცენტებიც ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატი არ აკონკრეტებს, რა “დააკლდა” პრეზიდენტის გამოსვლაში.

“არ მგონია, ჩემი გემოვნებით უნდა მოვახდინო ამ საკითხის კომენტირება. საერთო ჯამში, თითქმის ყველაფერზე ისაუბრა, მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, შეიძლება სხვა ფორმით, მწვავედ თუ რბილად, უფრო მეტი თქმულიყო, რაც შეიძლება მე დამაკლდა”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჯანდაცვაზე, კლიმატის ცვლილებებზე, მიგრაციის პრობლემებზე.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე [სრულად]

მასალების გადაბეჭდვის წესი