ირლანდიელების ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისის საკრებულოს შენობა მწვანედ განათდა. საზეიმო ღონისძიებას, რომელსაც ირლანდიური მუსიკა და ლუდი აფორმებდა, თბილისის მერი დავით ნარმანია, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, ირლანდიელი ტურისტები და საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიმართლის თაობის” წევრებიც, რომლებმაც ნარმანიას წინააღმდეგ აქცია გამართლეს და იგი კორუფციაში დაადანაშაულეს. თბილისის მერის თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არსებობს და ყველას აქვს საშუალება თავისი აზრი დააფიქსიროს.
დავით ნარმანიას განცხადებით, წმინდა პატრიკის ხსენების აღმნიშვნელი ღონისძიება თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას ეძღვნება.
“ამით თბილისი ირლანდიის მთავრობის მიერ ინიცირებულ გლობალურ აქციას, “Global Greening”-ს შეუერთდება, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე – წმინდა პატრიკის დღეს, მსოფლოს სხვადსახვა ქალაქში არსებული ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება”.
დედაქალაქის მთავრობის ცნობით, „Global Greening”-ის აქციაში თბილისის ჩართვის გადაწყვეტილება დუბლინში თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტის დროს გადაწყდა. ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც 2015 წლის 17 მარტს ირლანდიის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად მონუმენტები და არქიტექტურული ნაგებობები მწვანედ განათდება.
ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს რეკომენდაციას უწევს საქართველოს და თბილისს ეწვიონ. აღნიშნულ აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება მსოფლიოს არაერთი ღირშესანიშნაობა: თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში მონაწილე ქალაქებს შორის წელს პირველად მოხვდა.