“შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ რამდენიმე ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემა ხდებოდა სამართლებრივი საფუძვლის იდენტიფიცირების გარეშე (ხშირ შემთხვევებში სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში/მემორანდუმში არ იყო მითითება და სააგენტოც არ ფლობდა დაზუსტებულ ინფორმაციას, თუ კანონმდებლობით დაკისრებული რომელი მოვალეობის შესასრულებლად იყო აუცილებელი სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის მიღება), დასაბუთებული არ იყო მონაცემთა მიღების საჭიროება.
ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სააგენტოს დაევალა დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად კონკრეტული ღონისძიებების გატარება, რის შედეგადაც დაზუსტდა მონაცემების მიწოდების სამართლებრივი საფუძვლები და მიზნები, განხორციელდა ცვლილებები ცალკეულ ორგანიზაციებთან დადებულ ხელშეკრულებებში, სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან წვდომა შეუწყდათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიას, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მინისტრის აპარატს”, – ნათქვამია ანგარიშში.
ინსპექტორის აპარატმა ნეტგაზეთთან ვერ დააკონკრეტა, რომელ ორგანიზაციებს დარჩათ სისტემაზე წვდომა, თუმცა აღნიშნა, რომ მათ შორის არიან კომერციული ბანკები. რაც შეეხება იმას, აქვთ თუ არა იმავე ორგანიზაციებს წვდომა mygov.ge-ს ანგარიშზე, ინსპექტორის აპარატში გვითხრეს:
“ინსპექტირების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მაი გოვ ჯის პორტალი ფუნქციონირებს და იყენებს სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას. ამდენად, ჩვენი ინფორმაციით, მას ცალკე ბაზა არ აქვს. სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა დააკონკრეტოს და გამოკვეთოს მაი გოვ ჯის პორტალის მფლობელის (მონაცემთა გაცვლის სააგენტო) როლი მონაცემთა მიწოდების დროს, ამ თემაზე კიდევ გრძელდება მუშაობა და ამ ეტაპზე შეწყვეტილი არ არის”.
