“კურიერი” ეთერში ნათია ლაზაშვილთან ერთად დაბრუნდა.
მანამდე მაყურებელს “რუსთავი 2”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა მიმართა.
“რუსთავი 2-ის 25-წლიანი ისტორია გრძელდება. ამ არხმა კიდევ ერთი კრიზისი გადალახა და თავისი სიძლიერე დაამტკიცა. დღეიდან “კურიერის” პროფესიული ფასეულობები ეფუძნება სარედაქციო მიუკერძოებლობას. ჩვენ არ ვიქნებით არცერთი პოლიტიკური პარტიის თუ ბიზნეს-ჯგუფის მხარეს… “ჩვენ ვართ რუსთავი 2″ და ეს კურიერია”, – განაცხადა იმნაიშვილმა.
“ზუსტად 13 წლის შემდეგ “რუსთავი 2”-ზე თქვენ უყურებთ “კურიერს” 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. 24 წლსი წინ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელმაც ჩემს კოლეგებთან ერთად, პირდაპირ ეთერში გაიყვანა “რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახური. ზუსტად 13 წლის წინ კი მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა. ვბრუნდები, რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია კი – ჩაბნელებული”, – განაცხადა ლაზაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც “კურიერმა” მუშაობა შეწყვიტა.