„მინდა ჩემი აღშფოთება გამოვხატო „რუსთავი 2“-ის გადაცემის ერთ-ერთი ანონსის გამო, სადაც ჟურნალისტი სვამს კონკრეტულ კითხვას, თუ ვინ არის სისხლიანი დარბევის ორგანიზატორი და შემსრულებელი, და იქვე მოჰყავს ერთ-ერთი ქალბატონის პასუხი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩემი სიმამრი მონაწილეობდა ამ სისხლიან დარბევაში. აღშფოთება იმას უკავშირდება, რომ ჩვენ საჯაროდ გუშინ, დღესაც გავაჟღერეთ და კატეგორიულად უარვყავით ამ შემთხვევაში ბატონი გია მანჯგალაძის მონაწილეობა ამ ინციდენტში. ფიზიკურად იქ არ იმყოფებოდა ეს ადამიანი და ამის შესაძლებლობა ამ გადაცემის ავტორს, ანუ მეორე მხარისთვის შესაძლებლობა უნდა მიეცა, რათა საწინააღმდეგო აზრი დაფიქსირებულიყო. მით უფრო საავტორო გადაცემას ეს განსაკუთრებით სჭირდება, რათა ავტორს მიუკერძოებლობა და ცალმხრივობა არ დაბრალდეს. მაგრამ მხოლოდ ერთი ინფორმაციის მიწოდებამ, თანაც მცდარი ინფორმაციის, იმის ფონზე, როდესაც ეს ინფორმაცია საჯაროდ გაბათილებულია, მართლაც რომ დიდ კითხვებს ტოვებს და აჩენს საერთოდ, აი, ასეთი გადაცემის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
კონკრეტულად კი იმ ბრალდებას, რომ ის, ამ შემთხვევაში ჩემი სიმამრი, იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე, არის აბსოლუტური ტყუილი. ის გახლდათ ამ დროს ერთ-ერთი თანამშრომლის მამის გასვენებაზე სხვა თანამშრომლებთან ერთად. თუმცა მანამდე მიიღო მონაწილეობა მშვიდობიან მსვლელობაში, არავითარი აგრესიული ხასიათი ამ მსვლელობას არ ჰქონია და ეს იყო მისი კონსტიტუციური უფლება და მათ შორის, ეს უფლება აქვს ჩემს ნათესავსაც, როგორც გამგეობის თანამშრომელსაც. კანონი ასეთ შესაძლებლობას, თვითგამოხატვის ასეთ ფორმას არავის არ უზღუდავს“,- ამბობს ლევან იზორია.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანი” ანონსში, რომლის ავტორიც და წამყვანიცაა გიორგი გაბუნია, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი ამბობს, “ლევან იზორიას სიმამრი, გია მანჯგალაძე მონაწილეობდა სისხლიან აქციაში”.
ანი ნადარეიშვილის განცხადება 15 მარტს ზუგდიდში ორგანიზაცია თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ოფისში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელსაც ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანლობს. როგორც ნადარეიშვილი ამბობს, ოფისს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები დაესხნენ თავს, რომელთა ნაწილი ხელკეტებით იყო შეიარაღებული. ნადარეიშვილმა რუსთავი 2-თან სატელფონო საუბარში განაცხადა, რომ თავდასხმის მოტივი 21 მარტის ნაციონლაური მოძრაობის აქციაა, რადგან მას ეუბნებოდნენ, თუ რატომ მიყავს ხალხი ამ დემონსტრაციაზე.