ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კან ტანია: ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების საკითხი არ განიხილება

17 მარტი, 2015 •
კან ტანია: ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების საკითხი არ განიხილება

“მოლაპარაკებებზე არ იქნება განხილული “დევნილთა” აფხაზეთში დაბრუნების საკითხი”, – განაცხადა კან ტანიამ.

 

მისი თქმით, აფხაზეთს რესპუბლიკის დელეგაცია უკვე ჩავიდა ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2015 წლის 18 მარტს დაიწყება.

 

“მალაპარაკებები, არსებული ფორმატის შესაბამისად, ორ ჯგუფში გაიმართება – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფში აფხაზური მხარე აპირებს განიხილოს სტაგნაცია დიალოგში და პროგრესის არარსებობა აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევის საკითხზე”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

ჰუმანიტარულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფში აფხაზეთის წარმომადგენლები განიხილავენ 1992-1993 წლებში, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებისა და იდენტიფიცირების საკითხებს. განხილული იქნება ასევე აფხაზეთის ტერიტორიიდან გატანილი კულტურული ღირებულების მქონე ნივთების დაბრუნების საკითხიც, წერს “სპუტნიკ აფხაზია”.

 

გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე აფხაზეთის დელეგაცია გეგმავს განიხილოს აფხაზეთის მოქალაქეების საერთაშორისო ურთიერთობების ბარიერების მოხსნის საკითხიც.

 

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდი 2014 წლის 9-10 დეკემბერს ჟენევაში, გაეროს ოფისში გაიმართა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი