როგორც ინსპექტორის 2014 წლის ანგარიშშია აღნიშნული, აბონენტების ნაწილმა მოითხოვა ყველა სახის სარეკლამო შეტყობინების სრულად გაუქმება, ნაწილმა კი აირჩია პროდუქციის/მომსახურების სეგმენტაციის პრინციპი და შეტყობინებას მხოლოდ მისთვის სასურველ საკითხზე იღებს.
“2014 წელს მოქალაქეთა განცხადებების, აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და კონსულტაციების დიდი ნაწილი სწორედ პირდაპირი მარკეტინგის საკითხს უკავშირდებოდა. მოქალაქეებისთვის უცნობი იყო, საიდან მოხვდა მათი სატელეფონო ნომერი თუ ელ.ფოსტის მისამართი კერძო კომპანიების ხელთ; პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეკლამის განმახორციელებელი ორგანიზაციის იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ინტერნეტსივრცეში საჯაროდ განთავსებული სატელეფონო ნომრების მარკეტინგული მიზნით გამოყენებას.
არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ვერ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა უფლების დაცვას. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც, ცვლილების სახით, პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ნებისმიერი მონაცემის დამუშავება შესაძლებელი გახდა მხოლოდ სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე და გამოირიცხა ინფორმირებული თანხმობის გარეშე არაპროპორციულად დიდი მოცულობის მონაცემის დამუშავების კანონიერი შესაძლებლობა. ამასთან, გამარტივდა სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმი და მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოითხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ხოლო პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები ვალდებულნი გახდნენ, შექმნან უარის თქმის მექანიზმი იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი ან/და შეიმუშაონ სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება.
ინსპექტორის აპარატმა კერძო სექტორის მიმართ კანონის სრულად გავრცელების დღესვე მიეღო მოქალაქეთა განცხადებები და დაიწყო კომპანიების მხრიდან კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების (მაგალითად, „sms off” ფუნქცია, USSD კოდი) შემოწმება. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა 6 კომპანიის ინსპექტირება, შემოწმდა მონაცემთა მოპოვების წყარო, დამუშავების პროპორციულობა და უარის თქმის მექანიზმის ეფექტურად ფუნქციონირება. გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია როგორც მარკეტინგის განმახორციელებელი კომპანიებისაგან, ისე – მათი უფლებამოსილი პირებისაგან, რომლებიც უშუალოდ აგზავნიან შეტყობინებებს.
მოქალაქეთა განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე ინსპექტორმა 6-ვე შემთხვევაში გამოიყენა მონაცემთა დაბლოკვის მექანიზმი, ხოლო, საბოლოო გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ორგანიზაციებს დაავალა განმაცხადებლების მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება და მოქალაქეთა მხრიდან შეტყობინებებზე უარის თქმის ეფექტური მექანიზმის დანერგვის უზრუნველყოფა”, – ნათქვამია ინსპექტორის ანგარიშში.