ახალი ამბები

“იცურე მშვიდად“ – აქცია თბილისის ზღვაზე უსაფრთხო ინფრასტურქტურის მოთხოვნით

24 სექტემბერი, 2019 •
“იცურე მშვიდად“ – აქცია თბილისის ზღვაზე უსაფრთხო ინფრასტურქტურის მოთხოვნით

დღეს თბილისის ზღვაზე, ე.წ. კოშკთან აქცია, სახელწოდებით “იცურე მშვიდად“, გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ ადგილას წლების განმავლობაში კუსტარული პლაჟია მოწყობილი და აქ უკვე წლებია მოქალაქეები მაშველების არყოფნის პირობებში იხოცებიან.

“ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. დიდი პრობლემაა წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. პრობლემაა გამაფრთხილებელი ბანერების არარსებობა და წინასწარი გაფრთხილების სუსტი სისტემები.

წყლის ობიექტებზე არსებული საფრთხეების შესახებ აუცილებელია, საზოგადოება დროულად და ეფექტიანად იყოს ინფორმირებული. თბილისის ზღვაზე, ე. წ. კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წყალსაცავს საინჟინრო არხით მდინარე იორის წყალი უერთდება, ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილად არის მიჩნეული,“ – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

აქციის მონაწილეებს მაგალითად მოჰყავთ სტუდია “მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება – “სიკვდილის ზონები საქართველოში“, რომლის თანახმადაც, თბილისის ზღვის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე 2016 წლის 4 აგვისტოს 9 წლის გიორგი ძულიაშვილი ნაპირთან ახლოს დედის თვალწინ დაიხრჩო.

“კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას, შეისწავლოს და დაადგინოს, რამდენად უსაფრთხოა ბანაობა თბილისის ზღვაზე მოქალაქეების მიერ კუსტარულად მოწყობილ რეკრეაციულ ადგილებში. ამავე დროს, ზოგადად, გადასაწყვეტია, სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, რამდენად მიზანშეწონილია ბანაობა თბილისის წყალსაცავში, რომელიც საქართველოს დედაქალაქის სასმელი წყლის მთავარი აუზია,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

კამპანია „იცურე მშვიდად“ 2018 წლის 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი