ოფიციალურად, აქციის ორგანიზატორი “საზოგადოებრივი მოძრაობის დარბაზი” იყო, რომლის რიგებში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ლაშა გვასალიაა.
livepress-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ხმის გამაძლიერებლით მიმართავდა “ნაციონალური მოძროაბის” ოფისის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ “ნაციონალურ მოძრაობის” დრო დასრულდა.
საკრებულოს თავმჯდომარე, ერთი მხრივ, აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა სიმშვიდისკენ, ხოლო, მეორე მხრივ, აცხადებდა, რომ იგი თანაუგრძობდა იმ ადამიანებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად რჩებიან.
“გაიხსნეთ, ვანო მერაბიშვილი რას აკეთებდა. ადეიშვილი რას აკეთებდა გაიხსენეთ. მე მენანებით, ბევრი ადამიანი მენანება, ვინც დღეს დგას ამ სისხლიანი ადამიანების გვერდში”, -ამბობს მერაბ ქვარაია.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. დაპირისპირების შემდეგ მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ როლანდ ახალაია “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს იარაღით ამარაგებს.
იმის მიუხედავად, რომ საკრებულოს წევრებს აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციაში, მათ ეკისრებათ ვალდებულება, მეტი პასუხიმგებლობით მიუდგნენ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებსა თუ ჩადენილი მოქმედებების შინაარსსა და გამოხატვის ფორმას, განუმარტა “ნეტგაზეთს” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.
“ეს სამწუხარო ფაქტები, რომლებიც ვნახეთ, აჩვენებს, რომ ეს ადამიანები თავისი ქმედებებით ვერ უზრუნველყოფენ იმას, რომ საზოგადოებას განუმტკიცონ პატივისცემა კანონის მიმართ. კიდეც რომ არ იყოს ჩართული ძალადობაში, მას მაინც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არის არჩეული თანამდებობის პირი და, როგორც გითხარით, მაღალი სტანდარტი აქვს მოქმედების. მას ვალდებლება აქვს, რომ იმ შემთხვევაში მოუწოდოს აქციის მონაწილეებს, როგორც მინიმუმ, შეწყვიტონ ძალადობა და ამგვარი ქმედება იყოს აღკვეთილი”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
იურისტის თქმით, მთავარია, რომ გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად და გამჭირვალედ და დაცული იყოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
გუშინ ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობისა და ორგანიზაცია “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ოფისებთან ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა წევრებმა, ასევე ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა აქცია გამართეს.
თავდასხმების საქმეზე შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.