ახალი ამბები

პენსიონერი მასწავლებლების სკოლის დატოვება ბიუჯეტს 95 მლნ ლარი უჯდება

24 სექტემბერი, 2019 • 544
პენსიონერი მასწავლებლების სკოლის დატოვება ბიუჯეტს 95 მლნ ლარი უჯდება

მთავრობა 131 მლნ ლარით აპირებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსების ზრდას. აქედან 95 მლნ ლარი პენსიონერი მასწავლებლებისთვის კომპენსაციაზე დაიხარჯება, რასაც სამინისტრო მათ სკოლის დატოვების სანაცვლოდ აძლევს. მთავრობის ინფორმაციით, სკოლის დატოვება 6 500-მდე საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებელს სურს.

ამას გარდა, გაზრდილი დაფინანსება მასწავლებელთა ნაწილისთვის ხელფასის მომატებას მოხმარდება. განათლების სამინისტროს ცნობით, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.

რაც შეეხება კულტურასა და სპორტს, 131 მლნ ლარით გაზრდილი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებებზე 11 მლნ ლარი დაიხარჯება.

“მიღწევებიდან გამომდინარე, გასაცემი ფულადი ჯილდოების დასაფინანსებლად”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სამინისტროს წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

13 მაისს მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ შესაძლებლობა, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი “ჯილდო”, რაც ორი წლის ჯამური ხელფასს გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი