ახალი ამბები

დავით დონდუა: რუსეთი მარტივ დიპლომატიურ პროტოკოლსაც აღარ სცემს პატივს

16 მარტი, 2015 •
დავით დონდუა: რუსეთი მარტივ დიპლომატიურ პროტოკოლსაც აღარ სცემს პატივს

“ის, რომ ჩვენი რუსი კოლეგები ხელმოწერის თარიღს ამთხვევენ ჟენევის მორიგ რაუნდს, თავად ჟენევის მოლაპარაკებების და მათი თანათავმჯდომარეების გამიზნული შეურაცხყოფაა. ამგვარი ქცევა კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ, სამწუხაროდ, რუსეთი საკუთარ თავს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის მიღმა აყენებს, არამედ მარტივ დიპლომატიურ პროტოკოლსაც აღარ სცემს პატივს”, – აცხადებს დონდუა.

 

18 მარტს კრემლში მოსკოვისა და ცხინვალის ოფიციალური წარმომდგენლები „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავენ. იმავე დღეს დადეგმილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. 

 

“ბუნებრივია, მოსკოვში ხელმოწერის ცერემონიალი მძიმე ფონს შექმნის ჩვენი შეხვედრისათვის. მე ვესაუბრე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს, ბატონ ჰერბერტ ზალბერს და გავუზიარე მას ჩვენი გულისწყრომა. მე ვთხოვე ბატონ ზალბერს თანათავმჯდომარეთა სათანადო რეაგირება მოსკოვის ამ დემარშზე. ამგვარი დემონსტრაციული ქცევა რუსეთის მეზობლების მიმართ გამოჩენილ აგრესიასთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა ახსენებდეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს და სამშვიდობო პროცესის შუამავლებს, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე იმყოფება საქართველო”, – აცხადებს დონდუა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო თანათავმჯდომარეებს მოუწოდებს, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა რუსეთმა უპასუხოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს განცხადებას.

 

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და არსის ერთგული, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთ პლატფორმას. ჩვენ მზად ვართ მშვიდად, ღიად და კონსტრუქციულად განვიხილოთ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ყველა სხვა მონაწილესთან ერთად. ჩვენ მოვუწოდებთ დისკუსიების მონაწილეებს რუსეთიდან, ანალოგიური პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი