ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა, რომელსაც ბადრაგთან კონფლიქტი ჰქონდა, მუცელი გადაიჭრა. შემთხვევას ადასტურებენ პენიტენციურ სამსახურში და ამბობენ, რომ თვითდაზიანებმა პატიმარმა ორჯერ – 17 სექტემბერსა და 23 სექტემბერს მიიყენა.
ადვოკატი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ჯერჯერობით მისთვის უცნობია, რა ნივთით ან რატომ გადაიჭრა მსჯავრდებულმა მუცელი, თუმცა არ გამორიცხავს ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
“მე რამდენადაც ვიცი, თვითონ გადაიჭრა. ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე იყო საუბარი, ირონიაზე და ისეთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც ადამიანი ვერ აიტანს“, – ამბობს კუბლაშვილი.
რაც შეეხება პენიტენციურ სამსახურს, მათი განცხადებით, პირველი შემთხვევა 17 სექტემბერს, დაახლოებით 20:44 საათზე, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა. უწყბის ინფორმაციით, პატიმარმა შემთხვევის შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
“მ.ჩ-მ მიიყენა თვითდაზიანება მუცლის წინა კედელზე მარჯვნივ, მეზოგასტრიუმის არეში, ზომიერად სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობის სახით, რის შემდეგაც მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, დაედო ნაკერები და ასეპტიკური ნახვევი, ჩაუტარდა სისტემური და ადგილობრივი ანტიბაქტერიული თერაპია.
23 სექტემბერს მ..-მ გამოაცხადა შიმშილობა იმ მოტივით, რომ არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს და ითხოვს მოსამართლის და პროკურორის პასუხისგებაში მიცემას. 23 სექტემბერს, დაახლოებით 16:02 სთ-ზე, მსჯავრდებულმა კვლავ მიიყენა თვითდაზიანება – ნაკვეთი ჭრილობა მუცლის ქვედა მესამედში, ზომით 15X0.5 სმ. მცირედ სისხლმდენი.
მ.ჩ-ს განმარტებით, თვითდაზიანება მიიყენა პროტესტის ნიშნად და ითხოვს ისეთი ტიპის პრივილეგიებს, რასაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი პატიმრობის წესი არ ითვალისწინებს. კერძოდ, ყოველდღიურ ულიმიტო სატელეფონო ზარებს და ა.შ.“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება განცხადებაში ამბობს, რომ პატიმარი N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება (დაუმუშავდა ჭრილობა, დაედო ნაკერები).
“ამ ეტაპზე მსჯავრდებულის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. დაგეგმილია ფსიქიატრის კონსულტაცია.
სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ მსჯავრდებული დააბრუნეს საკანში, სადაც 24-საათიანი ვიზუალურ-ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.