ახალი ამბები

მოსამართლემ არ დაუშვა კითხვა, არის თუ არა გახარია 21 ივნისზე დაკითხული

24 სექტემბერი, 2019 • 663
მოსამართლემ არ დაუშვა კითხვა, არის თუ არა გახარია 21 ივნისზე დაკითხული

24 სექტემბერს თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ 20-21 ივნისის საქმეზე დაცვის მხარის ადვოკატს უთხრა, რომ არ ჰქონდა უფლება, დაესვა კითხვა ბრალდების მხარისთვის, არის თუ არა ყოფილი შსს მინისტრი გიორგი გახარია გამოკითხული ამ საქმეზე.

ერთ-ერთი დაკავებულის, ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა, მოსამართლის ნებართვით, თავდაპირველად პროკურორებს ჰკითხა, მათი ინფორმაციით, იყო თუ არა გიორგი გახარია გამოკითხული ამ საქმეზე. პროკურორებმა უპასუხეს, რომ ამ კითხვის დასმის უფლება არ ჰქონდა, რადგან კითხვა შუამდგომლობას არ შეეხებოდა. თუმცა, ადვოკატის თანახმად, ეს პირდაპირ კავშირში იყო შუამდგომლობასთან.

დაცვის მხარის თანახმად, ის შუამდგომლობით ითხოვდა გახარიას გამოკითხვას, თუმცა პროკურორებმა ამ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს. პროკურორების უარყოფითი პასუხის შემდეგ ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა: “თქვენ კითხვა დამასმევინეთ, ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ არ მაქვს ამ კითხვის დასმის უფლება, ანუ თქვენც გეწინააღმდეგებიან და რა გამოდის, მივიღო მათი ეს პასუხი და არ მაქვს ამ კითხვის დასმის უფლება?”, რაზეც მოსამართლემ უპასუხა: “არ გაქვთ”.

დღეს, 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებული რამდენიმე ადამიანის პროცესი მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი