”ინფორმაციის მისაწვდომობა -სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვისათვის ეროვნული და საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების მისაწვდომობა, წაახალისოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ იმ ინფორმაციისა და მასალების გავრცელება, რომელიც სასარგებლოა ბავშვის სოციალური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით, და მიიღოს ზომები იმ სახის ინფორმაციისაგან ბავშვის დასაცავად, რომელიც საზიანოა მისი კეთილდღეობისათვის.”- წერია გაეროს ბავშვთა ფონდის გვერდზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლეები ზემოხსენებული ფილმის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ, ტელეკომპანია “ოდიშმა” გაავრცელა. ტელევიზიის სიუჟეტში ზუგდიდის მე-4 და პირველი სკოლის მოსწავლეები ამბობებნ, რომ ისინი ჩვენებაზე სკოლის მასწავლებელმა [დამრიგებელმა] მიიყვანა, თან ისე, რომ წინასწარ შეადგინა სია და ბავშვებს ხელი მოაწერინა იმის დასტურად, რომ მათ ნამდვილად სურდათ იქ მისვლა. ამასთან, ბავშვების განმარტებით, მასწავლებელს მათთვის არ უთქვამს, რომ ფილმის სანახავად მიდიოდნენ. ერთი მოსწავლის თქმით, მასწავლებელმა უთხრა, რომ გამგეობასთან იგეგმებოდა შეხვედრა, ხოლო მეორე მოსწავლის თქმით, ღონისძიების მიზანი თვითონ მასწავლებელმაც არ იცოდა.
“ოდიშის” ცნობით, ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“) ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო. “ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ”.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მაც გაავრცელა კადრები ფილმის ჩვენებაზე ბავშვების ყოფნის შესახებ არა მხოლოდ ზუგდიდში, ასევე, ფოთში.