ახალი ამბები

ქვეყნის ერთიანი აეროფოტოგადაღებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

16 მარტი, 2015 • • 1035
ქვეყნის ერთიანი აეროფოტოგადაღებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

პროექტი საქართველოს ტერიტორიის აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს.

 

„რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო“ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი  305 000 ევროს შეადგენს. პროექტი 2017 წელს დასრულდება.

 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამ დრომდე საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ განხორციელდა (2000, 2005 და 2010 წწ.).

 

“სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო გადაღება სპონტანურად ხდებოდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებითაა შექმნილი, რის გამოც ისინი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამას გარდა, ქაოტურ და არაერთგვაროვან სურათს ქმნის.  ახალი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკუთრების უფლებების დაცვის მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. ამას გარდა, მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, NSDI-ის კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას”, – წერია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი