ახალი ამბები

ბესელია კვირიკაშვილის წასვლის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მის დასავლურ კონტაქტებს ასახელებს

24 სექტემბერი, 2019 •
ბესელია კვირიკაშვილის წასვლის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მის დასავლურ კონტაქტებს ასახელებს

ეკა ბესელია “მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, შესაძლოა, ის გამხდარიყო, რომ დასავლელ პარტიორებთან კარგი კონტაქტი ჰქონდა.

ბესელიას თქმით, ის გამორციხავს, რომ კვირიკაშვილი რაიმე სახის შანტაჟის ქვეშ იყო და მას არაფრის ეშინია, თუმცა:

“მას აქვს გარკვეული შეზღუდვები, რომელიც მის ამჟამინდელ სამსახურეობრივ სტატუსს უკავშირდება და ეს გარკვეული სპეციფიკის მატარებელია, მაგრამ ის ისეთივე შინაგანად ანთებულია, როგორც მე მახსოვს იმ პერიოდში, როდესაც პრემიერი იყო. არ არის გიორგი კვირიკაშვილი მხდალი ადამიანი და ეს მის წასვლასაც ეტყობოდა.

იმ [უმრავლესობის] სხდომაზე , სადაც იყო გარკვეული… არ მინდა ამ ნიუანსების მოყოლა.. მაგრამ ძალიან პრინციპული იყო გიორგი კვირიკაშვილი იმ სხდომაზე და არავის უგრძვნია, რომ რამის შეეშინდა“, – ამბობს ეკა ბესელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ “რას გადაჰყვა კვირიკაშვილი“, ბესელია პასუხობს, რომ კვირიკაშვილის წასვლის მიზეზი იყო მისი კონტაქტები დასავლელ პარტინორებთან.

“მე მგონი, რამდენიმე ფაქტორი იყო ერთდროულად – ეჭვიანობა, დისტანცირება მისი ბიძინა ივანიშვილთან, შეიძლება ეს იყო ანაკლიის თემაც, შეიძლება ეს იყო ძალიან კარგი კონტაქტები და დიდი მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორებისგან. ეს რაღაც ერთობლიობაში… სასამართლოს თემა, ნარკოტიკების თემა..

რამდენიმე თემამ მოიყარა თავი და მე ეს ვიგრძენი ერთ-ერთი შეხვედრის დროს, სანამ დატოვებდა თანამდებობას, რომ მის მიმართ იყო გარკვეული გაღიზიანება. მაგრამ აბსოლუტურად მჯერა, რომ არც ეშინია, შეიძლება ეთიკურად უფრთხილდება რაღაცებს, მაგრამ გამბედაობა არ აკლია და მგონია, რომ თავის პოზიციას დააფიქსირებს. მე ამის მოლოდინი მაინც მაქვს“, – ამბობს ბესელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი